ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ კიდევ ერთი პირი დააკავა
ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ კიდევ ერთი პირი დააკავა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებული საქმეზე ბრალდებული ყოფილი სპეცრაზმელის, ზურა ფოფხაძის თანმხლები პირია.
„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულის სახით დაკავებულია ვ.ბ.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ. ჩ. და მ.წ. იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზ. ფ. და ვ. ბ. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მ. ჩ. -ს და გარდაცვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალდებულ ზ. ფ. -ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე.
ბრალდებული ზ. ფ. მის თანმხლებ პირთან ვ.ბ.-სთან ერთად შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას. კონფლიქტში მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ.ფ.-მ ვ.ბ.-სთან ერთად ჯგუფურად, მ.წ.-ს მიაყენეს სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო მ.ჩ.-მ ბრალდებულების მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
საგამოძიებო უწყებამ ვარკეთილში, „დამპალოს“ სასაფლაოზე მომხდარ შემთხვევაზე 5 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი ზურაბ ფოფხაძე დააკავა. 6 იანვარს კი ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 7 იანვარს შეუფარდა.