ვარკეთილში ​პატრულ-ინსპექტორებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
ვარკეთილში ​პატრულ-ინსპექტორებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა პოლიციის მუშაკების მიმართ ჯგუფურად და ძალადობით წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, ბრალდებულებს ა.ტ-სა და ნ.ტ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 19 აპრილს, თბილისში, ვარკეთილი 3, მეოთხე მ/რ, 413-414-ე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ნ.ტ. და ა.ტ. ოთხ პირთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, რითაც არღვევდნენ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით დადგენილ პირობას, სამ ადამიანზე მეტი პირის ერთად შეკრების აკრძალვის შესახებ.

მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე შეკრებილ პირებთან პატრულ-ინსპექტორები მივიდნენ და შეკრებილ პირებს განუმარტეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის დარღვევის გამო მათ ჯარიმა დაეკისრებოდათ. აღნიშნულის შემდეგ ა.ტ.-მ და ნ.ტ.-მ პატრულ-ინსპექტორებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებულებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს.

ა.ტ-ს და ნ.ტ-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციის შუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ჩადენილი ძალადობით ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

ვარკეთილში სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების დარღვევისა და პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად, ექვსი პირი 19 აპრილს დააკავეს.