ვარკეთილში საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების დარღვევისა და პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის ექვსი პირი დააკავეს [ვიდეო]
ვარკეთილში საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების დარღვევისა და პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის ექვსი პირი დააკავეს [ვიდეო]

ვარკეთილში სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების დარღვევისა და პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად, ექვსი პირი დააკავეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველები ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან გამოცხადდნენ, იქ შეკრებილ მოქალაქეებს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული შეზღუდვების დაცვისა და სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდეს, მოქალაქეები პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რასაც სიტუაციის გამწვავება და სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.

შედეგად, ორი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მის იძულებას, ჩადენილს ჯგუფის მიერ ძალადობით ან ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ამასთან, დაკავებულია კიდევ ოთხი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას და იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.