ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის მცხოვრებლები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ
ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის მცხოვრებლები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონში ადგილობრვი მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. მათი ინფორმაციით, საუბარია 1275 კვ მიწის ფართობზე, სადაც “ევროპული სამშენებლო ჰოლდინგი” ათსართულიანი, “კა 3” ტიპის კორპუსის აშენებას გეგმავს.

ადგილობრივების თქმით, კორპუსის აშენების შემთხვევაში რამდენიმე პრობლემა იქმნება. თავის მნიშვნელობას დაკარგავს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი, რომელსაც მაღალსართულიანი შენობა ჩრდილს მიაყენებს, ასევე მოსახლეობა ვეღარ შეძლებს ავტომობილების დაპარკინგებას იქიდან გამომდინარე, რომ მშენებლობა სწორედ იმ ტერიტორიაზე იგეგმება, რომელსაც აქამდე ისინი მანქანების სადგომად იყენებდნენ.


გარდა ამისა, ადგილობრივები სამომავლოდ საცოცების წარმოქმნის საშიშროებაზეც საუბრობენ. 


მოსახლეობამ საჩივრით მერიას ერთი კვირის წინ მიმართა, თუმცა მათი თქმით, პასუხი ჯერ არ მიუღია. 

შემოღობილ ტერიტორიაზე სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, სამუშოები მერიის ბრძანებით დროებით შეჩერდა. შეჩერების საფუძველი კი ის გახდა, რომ კომპანიამ იმაზე მეტი ტერიტორია შემოღობა, ვიდრე ეს ნებადართული იყო.