მაია ბითაძე - დიდ დიღომში სპორტული მოედნის საკითხი ისე უნდა გადაწყდეს, რომ არც ადგილობრივი მოსახლეობა დაზარალდეს და არც მიწის მესაკუთრეების ინტერესები
მაია ბითაძე - დიდ დიღომში სპორტული მოედნის საკითხი ისე უნდა გადაწყდეს, რომ არც ადგილობრივი მოსახლეობა დაზარალდეს და არც მიწის მესაკუთრეების ინტერესები

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, რომ დიდ დიღომში დაგეგმილი მშენებლობის გარშემო წარმოქმნილ პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი გამგეობა. მისივე შეფასებით, საკითხის გადაწყვეტა ისე უნდა მოხდეს, რომ არც ადგილობრივი მოსახლეობა დაზარალდეს და არც კეთილსინდისიერი გზით შეძენილი მიწის მესაკუთრეების ინტერესები.

„სამწუხაროდ, წლების განმავლობაში და ეს პროცესი დაახლოებით 20-25 წლის წინ დაიწყო, თბილისში გასხვისდა ძალიან ბევრი სპორტული მოედანი და ძალიან ბევრი რეკრეაციული სივრცე. შემდეგ ბუნებრივია, კერძო მესაკუთრის მიერ დაიწყო სამშენებლო პროცესი, ან მოხდა მშენებლობის პროცესის ინიცირება და დაუსრულებელი ან ჯერ არ დაწყებული ობიექტების ძალიან ბევრი მესაკუთრე წარმოიშვა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს ძალიან ბევრი გამოწვევა უდგას. ძალიან ბევრია და დიდია იმ მიწების, მათ შორის სპორტული მოედნების რაოდენობა, რომლებზეც ქალაქმშენებლობითი დოკუმენტები დამტკიცებულია წლების წინ, მიწები გასხვისებულია. შესაბამისად, ვიცით რომ მონაცვლეობის პროცესი მიმდინარეობს მუნიციპალიტეტში, თუმცა თითოეული მიწის მონაცვლეობას წინ უნდა უძღოდეს ხარჯთსარგებლიანობის შეფასება, როგორც მესაკუთრის ინტერესების გათვალისწინებით, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის. მე ვიცი, რომ გამგეობა აქტიურად არის ამ პროცესში ჩართული. საკითხი გადაწყდება მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და ისე, რომ არც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი იქნას დაზარალებული და არც მესაკუთრეების, რომლებიც რეალურად აღნიშნული ტერიტორიის კეთილსინდისიერი შემძენები არიან“, – აცხადებს მაია ბითაძე.

დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში სპორტული მოედნის ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გუშინ გაიმართა. აქციის მონაწილეები ადგილზე სარეკრეაციო ზონის მოწყობას ითხოვენ.