ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი „ღამეს მუზეუმში“ მასშტაბური სანახაობებით აღნიშნავს
ვარძიის ისტორიულ-არქიტექრურულ მუზეუმ-ნაკრძალი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღეს – „ღამე მუზეუმში“ მასშტაბური გამოფენებითა და სხვა სანახაობებით აღნიშნავს. აქციის ფარგლებში ვარძიის განათებული კომპლექსი ვიზიტორებს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს. ღონისძიება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა „ზრდას“ ორგანიზაციული და ფინანსური პარტნიორობის საფუძველზე იმართება.
მუზეუმ ნაკრძალის ახლად ამოქმედებულ ვიზიტორთა ცენტრში ფუნქციონირებას დაიწყებს ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი ტურის ატრაქცია. წარმოსახვითი ტურის მულტიმედიური აპარატურა, რომელიც შინაარსობრივი გადაწყვეტის მხრივ კულტურული მემკვიდრეობის ტურისტულ საიტებზე მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტოა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც იქნება ადაპტირებული და სამომავლოდ ის რეგიონში რეგისტრირებულ 1 200-მდე შშმ პირს მოემსახურება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „ღამე მუზეუმში“ პროგრამის ფარგლებში ვარძიის არქიტექტურული კომპლექსის ვიზიტორთა ცენტრის სამუზეუმო სივრცე, სადაც ასპინძის მუნიციპალიტეტში მოძიებული ქვის ორნამენტული ფრაგმენტები და საქართველოს კლდის ძეგლების თემაზე მომზადებული ფოტო ექსპოზიცია გამოიფინება, დამთვალიერებლებს პირველად უმასპინძლებს. საზეიმო ღონისძიების ფორმატში სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძესთან ერთად, მიწვეულ სტუმრებსა და ვიზიტორებს სახელმწიფოს და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ მხარდაჭერილი „ვარძიის გადარჩენის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო ქმედებების შინაარსსა და მიმდინარეობას გააცნობს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ადგილობრივი ჯიშის ვაზით განაშენიანდება მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ახლად მოწყობილი მესხური ტერასები, სადაც ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წევრები სახელობით ნერგებს დარგავენ.
საღამოს 18:00 საათიდან მუზეუმ ვარძიის არქიტექტურული კომპლექსის ქვედა სივრცე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მოღვაწე ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრებსა და აგრო-სამრეწველო დარგში ჩართული ფერმერების ნაწარმს დაეთმობა.
„ღამე მუზეუმში“ პროგრამის მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებს საბრძოლო ხელოვნების თეატრალიზებული გუნდი, რომელიც მაყურებელს ეფექტურ სანახაობას შესთავაზებს. მოფარიკავეთა წარმოდგენას კი ცოცხალი შესრულებით მომღერალ სოფო ხალვაშისა და მისი მუსიკალური ბენდის კონცერტი განაგრძობს. „ღამე მუზეუმში“ ღონისძიებების პროგრამას თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ეფექტებით გაფორმებული სანახაობრივი წარმოდგენა დაასრულებს.
საერთაშორისო აქციას „ღამე მუზეუმში“ 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება გაერთიანების წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, პროგრამამ ფართო მასშტაბი მიიღო და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა. საქართველოში ტრადიციულ ღონისძიებად „ღამე მუზეუმში“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით 2015 წელს დამკვიდრდა.