ვაქცინებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის ჩინეთის პოლიციამ 80-ზე მეტი ადამიანი დააკავა
ვაქცინებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის ჩინეთის პოლიციამ 80-ზე მეტი ადამიანი დააკავა

ჩინეთის პოლიციამ 80-ზე მეტი ადამიანი დააკავა და 3 ათასზე მეტი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ყალბი ვაქცინის დოზის კონფისკაცია მოახდინა. სამართალდამცველებმა ოპერაციები ვაქცინებთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ჩაატარეს.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია წერს, ეჭვმიტანილები კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, სავარაუდოდ, გასული წლის სექტემბრიდან ახორციელებდნენ და მათი ინფორმაციით, ვაქცინის ყველა ყალბი დოზა აღმოჩენილია.

არსებობს ეჭვი იმის შესახებაც, რომ დანაშაულში მონაწილეებს ყალბი ვაქცინის საზღვარგარეთ გაგზავნაც ჰქონდათ განზრახული. სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია რამდენიმე ადგილას ჩაატარეს, მათ შორისაა პეკინი, შანხაი და აღმოსავლეთ პროვინცია შანდუნი.

ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩინეთში ვირუსის სულ 100 127 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის ვირუსმა 4 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მსოფლიო ქვეყნები იმუნიზაციის პროგრამას პანდემიის დასრულების იმედით ახორციელებენ.