ვანო ზარდიაშვილი - ოპოზიციას საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში განზრახ შეჰყავს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტარები თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას უსმენენ, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმიანება.
დეპუტატი კოლეგებს ურჩევს, კანონი წაიკითხონ, სადაც მკაფიოდ არის განმარტებული, რომ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების წარმოებასთან დაკავშირებული ყველა კომპონენტი და საკითხი საიდუმლოა.
„ჩემ კოლეგებს საქართველოს მოსახლეობა განზრახ შეჰყავს შეცდომაში. მარტივი ლოგიკა თუ არ გააჩნიათ, კანონი მაინც წაიკითხონ, სადაც მკაფიოდ არის განმარტებული, რომ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების წარმოებასთან დაკავშირებული ყველა კომპონენტი და საკითხი საიდუმლოა. კითხვა მე აქ უფრო იმ მიმართულებით მიჩნდება – რატომ ხდება ჩვენი სამხედრო წარმოების საიდუმლო ინფორმაციის გახმოვანება? ასეთი არაპროფესიონალიზმი და საკითხში შეურაცხმყოფელია. წინა ხელისუფლების პირობებში „დელტას“ გაყიდვები ნულს უტოლდებოდა, დღეს კი „დელტას“ პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნებში გადის. ამერიკაში გაიყიდა ჩვენი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა. არაა გასაკვირი, რომ ოპოზიციას ეს წარმატება ნეგატიური ტყუილებით უნდათ რომ გადაფაროს“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
დეპუტატის თქმით, „თბილავიამშენის“ დირექტორი არის კორნელის უნივერსიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებული, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი და მისი გადმოყვანა „თბილავიამშენში“ დიდი ძალისხმევის შედეგად მოხდა.
„ჩემი ინფორმაციით „დელტას“ დაგეგმილი აქვს 57მმ, 80მმ, უმართავი რაკეტების და ტანკსაწინააღმდეგო თვითდამიზნებადი სარაკეტო სისტემის პრეზენტაცია. როგორ გგონიათ, ასეთი სისტემების კომპონენტები შესაძლებელია რომ არასაიდუმლო ხელშეკრულებით იყოს დადებული?“,- აცხადებს ვანო ზარდიაშვილი