ვანო ზარდიაშვილი - ცივილიზებულ ქვეყანაში მსგავსი შეცდომის შემთხვევაში, ნებისმიერი თავმოყვარე პრეზიდენტი აუცილებლად გადადგებოდა
ვანო ზარდიაშვილი - ცივილიზებულ ქვეყანაში მსგავსი შეცდომის შემთხვევაში, ნებისმიერი თავმოყვარე პრეზიდენტი აუცილებლად გადადგებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქმედება ამორალურია, როცა საზოგადოებამ ირაკლი ქორიძე გარეთ იხილა, ხოლო ვეფხია ბაქრაძე – შეწყალებული.

ჟურნალისტებთან საუბარში ვანო ზარდიაშვილი პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების უფლების გამოყენებისას ბევრი შეცდომა დაუშვა.

„შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხრიდან უპასუხისმგებლობა გამოხატულება ვიხილეთ. როდესაც პრეზიდენტს ქორიძის შეწყალებაზე მივმართეთ, მან თემა საერთოდ დააიგნორა მაშინ, როცა ქვეყანაში 300 აბი სუბოტექსის შემომტანი შეიწყალა. მოგვიანებით ვიხილეთ, რომ ამ ადამიანმა 1000 აბი სუბოტექსი შემოიტანა. შემდეგ ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალებული პირი ვიხილეთ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა მარგველაშვილს შეწყალებაზე ექვსჯერ უარი უთხრა, როცა მეორე შემთხვევაში, მართლმსაჯულების სამივე ინსტანციამ სასჯელი უცვლელად დატოვა, პრეზიდენტმა მას სასჯელი გაუნახევრა. რა საზარელი ტრაგედია მოხდა, ვიხილეთ. ცივილიზებულ დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი შეცდომის შემთხვევაში, ნებისმიერი თავმოყვარე პრეზიდენტი აუცილებლად გადადგებოდა. მარგველაშვილი თავის ქმედებაზე ხელებს სხვისკენ იშვერს. ერთხელ ეკა ბესელიას მიმართ გაიშვირა, ახლა ოჯახის წევრებზე. შეიძლება ვინმეს კენედის მკვლელობაც დააბრალოს“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების შესახებ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.

ამასთან, პრეზიდენტმა კომისიის მიერ შეწყალების საფუძვლად გამოყენებულ დოკუმენტაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვეფხია ბაქრაძის საქმეს შეწყალების კომისიაში თან ერთვოდა ოჯახის თხოვნა და სასჯელაღსრულების უწყების დადებითი დახასიათება.

ვეფხია ბაქრაძეს, რომელიც სასჯელს ოჯახური ძალადობისთვის იხდიდა, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა და სასჯელაღსრულების დაწესებულება 2017 წლის 25 მაისს დატოვა. შსს-მ ვეფხია ბაქრაძე ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის მიმდინარე წლის 14 აპრილს დააკავა.

ირაკლი ქორიძე კი მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 მარტს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ქორიძეს გიორგი გიორგანაშვილი და ჯაბა ხულორდავა თურქეთიდან საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანაში ეხმარებოდნენ.