ვანო მერაბიშვილის მკურნალი ექიმი - მდგომარეობა სტაბილურია, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს
ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მკურნალი ექიმის ელენე ხურციძის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა სტაბილურია და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.
ექიმის თქმით, სიმსივნე გამოირიცხა და ამ დროისთვის ჰორნერის სინდრომის დიაგნოზზე მუშაობენ.
„შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, მერაბიშვილის მდგომარეობა სტაბილურია. ჩვენ ვმუშაობთ იდიოპათიურ ჰორნერის დიაგნოზზე. გამოირიცხა სიმსივნე, მწვავე ეგზოგენური ინტოქსიკაციის რაიმე ნიშნები და პათოლოგიები, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა პაციენტის მდგომარეობას.
კონსილიუმის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაკეთოთ საძილე არტერიის ულტრასონოგრაფია, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. მისი მდგომარეობა სტაბილურია და მხოლოდ დაკვირვების რეჟიმში მკურნალობის გაგრძელებას საჭიროებს. მისი კლინიკაში დატოვების საფუძველი არ არსებობს”,- განაცხადა ექიმმა.