ვანის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი უკვე 6 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა
ვანის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი უკვე 6 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა. თერმოსკრინინგს ვანში მცხოვრები დაახლოებით 30 000 ადამიანი გაივლის.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, თერმოსკრინინგს 22 ჯგუფი უზრუნველყოფს, სამი ჯგუფი ქალაქ ვანში და 19 – მუნიციპალიტეტის სოფლებში.
ასევე, ვანის ორ სოფელში, ზეინდარსა და მთისძირში მოწყობილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან შემოწმებას გადის მუნიციპალიტეტში შემსვლელი და მუნიციპალიტეტიდან გამსვლელი ყველა პირი.
თვითიზოლაციაში იმყოფება ვანში ინფიცირებული 75 წლის ქალის 25-მდე კონტაქტი.
ვანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, გიგა ბუაძის ინფორმაციით, შესაძლებელია, ინფიცირების პირველწყაროს დადგენა მოხერხდეს მას შემდეგ, რაც ინფიცირებული ქალბატონის შვილს ანტისხეულებზე ტესტი ჩაუტარდება.
ამასთან, ვანის მერის, ალექსანდრე გოგორიშვილის თქმით, ვანში მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. მერის განცხადებით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი კეთდება, რათა ვანში ვირუსი არ გავრცელდეს.