ვანის  ორ სოფელში საკონტროლო პუნქტების მოწყობა უკავშირდება 75 წლის ქალის დაინფიცირებას, რომელსაც ბევრ მოქალაქესთან ჰქონდა კონტაქტი
ვანის ორ სოფელში საკონტროლო პუნქტების მოწყობა უკავშირდება 75 წლის ქალის დაინფიცირებას, რომელსაც ბევრ მოქალაქესთან ჰქონდა კონტაქტი

ვანის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, მთისძირსა და ზეინდარში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყობა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამებრიძემ განუცხადა.

გუბერნატორის თქმით, გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ვანის მკვიდრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

საუბარია 75 წლის ქალზე, რომელიც არსებული ინფორმაციით, თბილისში საკუთარ შვილთან იმყოფებოდა.

მას არ აქვს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია და შემთხვევა შიდა გავრცელებას უკავშირდება.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, 75 წლის ქალს ვანში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩნდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამტრედიაში, ე.წ. ცხელების ცენტრში გადაიყვანა, სადაც წუხელ, გვიან ღამით კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შემდეგ ის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება მისი მეუღლეც, რომელსაც კორონავირუსზე ტესტს დღეს აუღებენ.

როგორც ცნობილია, 75 წლის ქალს კონტაქტი ჰქონდა ბევრ მოქალაქესთან და სწორედ ამას უკავშირდება ხელისუფლების მიერ კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება.