vali.ge-ს ბაზას „კრედტო ბანკის“, „ლენდოს“ და „ემ კოლექტორის“ მონაცემები დაემატა
პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე vali.ge მონაცემები განახლდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთიან ბაზას დღეს კიდევ სამი საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. ესენია: სს „კრედო ბანკი“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“ (სესხის გამცემი: Lendo.ge, Pino.ge, Banko.ge) და შპს „ემ კოლექტორი“ (სესხის გამცემი: Sohocredit.ge).
სამინისტრო განმარტავს, რომ კოლექტორების, ე.წ. ამომღები კომპანიების შემთხვევაში, სესხები შესაძლებელია, შეძენილი იყოს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან, როგორიცაა: ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ონლაინსესხის გამცემი და სხვა.
ამ დროისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია ინფორმაცია 464 522 მსესხებლის, 843 908 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 3,275,651,430 ლარია.
ვებგვერდზე მოცემულ ეტაპზე ატვირთულია 12 საფინანსო ორგანიზაციიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, სს „ბაზის ბანკი“, სს „ტერა ბანკი“, “სს „კრედო ბანკი“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“ (სესხის გამცემი: Lendo.ge, Pino.ge, Banko.ge), შპს „ემ კოლექტორი“ (სესხისგამცემი: Sohocredit.ge).
ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი ეტაპის გავლა: მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა; დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა; უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა. აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი თავის მონაცემებს იპოვის, ეს ნიშნავს, რომ 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება გაუნულდება.
პარალელურად გრძელდება სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას განახლებული მონაცემები კვლავ დაემატება.