პრობლემური სესხების განულების პროექტში დამატებით 14 საფინანსო ორგანიზაცია ჩაერთო

19:04, 15.01.2019

ფონდი „ქართუს“ შეთავაზების შემდეგ, პრობლემური სესხების განულების პროექტში დამატებით 14 საფინანსო ორგანიზაცია ჩაერთო.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში, პროექტში კიდევ 14-მა საფინანსო ორგანიზაციამ გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი და პრობლემური სესხები გაყიდა.

ვებგვერდზე vali.ge დამატებით ატვირთულია შემდეგი ორგანიზაციებიდან შეძენილი 58 241 სესხი: შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ქრიმ ფინანს ჯეორჯია” (სესხის გამცემი: http://crediton.ge);  შპს „ინფინიტი ჰოლდინგი“ (სესხის გამცემი: http://minicredit.ge);  შპს „მისო ლიდერ კრედიტი“ (სესხის გამცემი: http://leadercredit.ge); შპს „მინი სესხი“; შპს „მონეზა“ (სესხის გამცემი: http://moneza.ge);  შპს „მოზო“ (სესხის გამცემი: http://mozo.ge);  შპს „მისტერ ლოუნ.ჯი“ (სესხის გამცემი: http://mrloan.ge); RRM Limited (სესხის გამცემი: http://crediton.ge);  შპს „ტვინო“ (სესხის გამცემი: http://netcredit.ge);  შპს „არკადია კაპიტალი” (სესხის გამცემი: http://unicredit.ge);  შპს „ა რეიტინგი-დებიტორული ვალდებულებების მენეჯმენტი” (სესხის გამცემი: http://credium.ge);  სს „კრედიტ პლუს ჯორჯია“ (სესხის გამცემი: http://creditplus.ge).

ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 609 542 მსესხებლის, 1 360 991 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა შეადგენს 4 027 099 783 ლარს.

ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა: მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა; დაბადების დღის, თვისა და წლის შეყვანა; უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.

ასევე, შეთანხმება მიღწეულია ორ ორგანიზაციასთან სესხების შეძენის თაობაზე  და მათი  მონაცემებიც უახლოეს პერიოდში  განთავსდება ვებგვერდზე vali.ge. აღნიშნული ორგანიზაციებია: შპს „მისო ბერმელი“ და  შპს „ემას კრედიტი“.

ფონდი „ქართუს“ შეთავაზების თანახმად, 15 იანვრამდე ყველა საფინანსო ორგანიზაციას, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებდა დასახელებულ პირობებს,  შესაძლებლობა ჰქონდა, სასესხო ვალდებულებების პატიების პროგრამაში ჩართულიყო.

მსგავსი