vali.ge-ს ბაზას „ბაზისბანკისა“ და „ტერა ბანკის“ მონაცემები დაემატა
vali.ge-ს ბაზას „ბაზისბანკისა“ და „ტერა ბანკის“ მონაცემები დაემატა

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – vali.ge მონაცემები განახლდა – ერთიან ბაზას დღეს „ბაზისბანკისა“ და „ტერა ბანკის“ მონაცემები დაემატა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია ინფორმაცია 414 223 მსესხებლის, 699 949 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 3,159,583,175 ლარია.

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია 9 საფინანსო ორგანიზაციიდან შესყოდული სესხები/კრედიტები: სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, სს „ბაზისბანკი“, სს „ტერა ბანკი“.

ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი ეტაპის გავლა – მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა; დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა; უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა. როგორც ფინანსთა სამინისტროს განმარტავს, თუ აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, მსესხებელი თავის მონაცემებს იპოვის, ეს ნიშნავს, რომ მას ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება.

პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას კვლავ დაემატება განახლებული მონაცემები.