ვალერი ზალუჟნი - უკრაინის შეიარაღებული ძალები თანდათან ათავისუფლებენ მშობლიურ მიწას, გამარჯვება რთულად მიიღწევა, თუმცა ის აუცილებლად დადგება
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თანდათან ათავისუფლებენ მშობლიურ მიწას, გამარჯვება რთულად მიიღწევა, თუმცა ის აუცილებლად დადგება. ამის შესახებ ზალუჟნიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
„ჩვენ ვაწარმოებთ ომს ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც სიდიდით 28-ჯერ აღემატება ჩვენს სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობა ჩვენს მოსახლეობაზე ოთხჯერ მეტია. რომლის სამხედრო პოტენციალი რამდენჯერმე აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს“, – აღნიშნა ზალუჟნიმ.
მისი თქმით, დღეს ომი მიმდინარეობს ხმელეთზე, ჰაერში, ზღვაში და კიბერსივრცეში.
ზალუჟნის ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო ერთი დღის განმავლობაში ოკუპანტებმა უკრაინის სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით გაუშვეს 55 ფრთოსანი რაკეტა Х-101 და ერთი საავიაციო მართვადი რაკეტა Х-59, ეს-300-ის 22 საზენიტო რაკეტა, Shahid-136-ის ტიპის ოთხი უპილოტო აპარატი და ერთი უპილოტო აპარატი „ლანცეტ-3“.