ვალერი ზალუჟნი - უკრაინის გამარჯვება ნიშნავს ისეთი პირობების და შეიარაღებული ძალების შექმნას, რომლებიც რუსებს არ მისცემს საშუალებას, მომავალში თავს დაესხან ჩვენს სახელმწიფოს
უკრაინის გამარჯვება იქნება ისეთი პირობების შექმნა, რომ რუსეთმა ვეღარასდროს შეძლოს თავდასხმა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა აშშ-ში ნატო-ს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ კრისტოფერ კავოლისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
სატელეფონო საუბარი რამშტაინის სამხედრო ბაზაზე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე შედგა.
ზალუჟნიმ და კავოლიმ უკრაინისთვის საერთაშორისო სამხედრო დახმარების მიწოდების და პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროების მომზადების საკითხები განიხილეს.
„მადლობელი ვარ გენერალი კავოლის სიტუაციის ღრმა გააზრებისთვის და ჩვენი გამარჯვებასთან დაახლოების მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის, რომლის ხედვაც გავუზიარე დღეს ჩემს თანამოსაუბრეს. უკრაინის გამარჯვება ნიშნავს არა მხოლოდ მისი ტერიტორიების გათავისუფლებას, არამედ ასევე ისეთი პირობების და შეიარაღებული ძალების შექმნას, რომლებიც რუსებს არ მისცემს საშუალებას, მომავალში ოდესმე თავს დაესხან ჩვენს სახელმწიფოს“, – აღნიშნა ზალუჟნიმ.