ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულთაგან სასამართლომ ერთი გაამართლა, ხოლო რვას პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებული ცხრა პირიდან ერთი გამართლდა, ხოლო რვას სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიესაჯა.
გამამართლებელი განაჩენი დადგა ვალერი გობეჯიშვილის მიმართ.
ექვსი წლის ვადით პატიმრობა მიესაჯა ლაშა ფურცხვანიძეს, ოთხი წლით – გიორგი გობეჯიშვილს, სამი წლისა და ექვსი თვის ვადით – ნუგზარ ქიტიაშვილსა და დავით თუშიშვილს, ხოლო ლაშა ჭიღიტაშვილს, დევი კახოიძეს, გიორგი ვახტანგაშვილსა და ბექა მურღვლიანს – სამ-სამი წლის ვადით.
2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშის დროს ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღებისას სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა. ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ ცხრა პირს სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენებისა და გასაღების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.