ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე შადრევნის დამპროექტებელი კომპანიის, „ელემსის“ წარმომადგენლები დაიკითხნენ
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე შადრევნის დამპროექტებელი კომპანიის, „ელემსის“ წარმომადგენლები დაიკითხნენ

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე ბრალდების მოწმეები – შადრევნის დამპროექტებელი კომპანია „ელემსის“ წარმომადგენლები დაიკითხნენ.

როგორც პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ პროექტში ცვლილებების საქმის კურსში არ იყვნენ და მათი ბეჭედი, ასევე ხელმოწერები გაყალბებულია. პროკურორის განცხადებით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი გიგა გიგაშვილი ვალდებული იყო პროექტში ცვლილებებისათვის ექსპერტიზა ჩაეტარებინა, რაც არ გააკეთა და სამუშაოები ექსპერტიზის გარეშე ჩაიბარა.

გიგაშვილის ადვოკატი პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმება და განმარტავს, რომ არცერთი დოკუმენტი არ არსებობს, რომლითაც გიგაშვილს ექსპერტიზის ჩატარების ვალდებულება ჰქონდა.

გიგაშვილს სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან.

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმის შემდეგ სხდომაზე, რომელიც 29 ივნისს გაიმართება, შადრევნის პროექტის ავტორი შალვა ქურიძე დაიკითხება. ვაკის პარკის ტრაგედიის გამოყოფილ საქმეზე, გიგაშვილის გარდა, ბრალდებულია კიდევ ერთი ფიზიკური პირი, ექსპერტი, რომელიც დანაშაულს აღიარებს, და სამი იურიდიული პირი.