ვახუშტი მენაბდე „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევაზე - ფრთხილად უნდა ვიყოთ, ანტიდასავლურის იარლიყის ქვეშ არ მოვაქციოთ და გავაუფასუროთ კრიტიკული აზრი, რომელსაც რუსეთთან კავშირი არ აქვს
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევას სიზუსტე დააკლდა, როდესაც მან საქართველოს პირველი არხის ანალიტიკური გადაცემა „42°პარალელი“ „დასავლეთის ქვეყნების და ინსტიტუტების გაშუქების მკვეთრად ნეგატიური ტონით“ გამოარჩია.
ვახუშტი მენაბდე კვლევას სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
როგორც კონსტიტუციონალისტი წერს, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლისას, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ სიარული მუდმივად დანის პირზე ხდება.
ამასთან, მისი თქმით, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რომ ანტიდასავლურის იარლიყის ქვეშ არ იყოს მოქცეული ნებისმიერი კრიტიკული აზრი.
„როდესაც რუსულ პროპაგანდას ვებრძვით და ასეთ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ, არასოდეს უნდა დავივიწყოთ ის, რომ მუდმივად დანის პირზე გვიწევს სიარული. ფრთხილად უნდა ვიყოთ ანტიდასავლურის იარლიყის ქვეშ არ მოვაქციოთ და შესაბამისად, არ გავაუფასუროთ ნებისმიერი კრიტიკული აზრი, რომელსაც რუსეთთან, ამ ანტიდემოკრატიულ ქვეყანასთან კავშირი არ აქვს. მათ შორის ისეთი კრიტიკაც, რომელსაც ღირებული დისკუსიის შექმნა შეუძლია და, რომელიც თავად იმავე დასავლეთშია წამოწყებული. ამიტომ აღნუსხვის მეთოდოლოგია ძალიან ფრთხილი უნდა იყოს, შაბლონურმა მიდგომამ შესაძლოა, ეს განსხვავებები წაშალოს და „მსუსხავი ეფექტის“ როლი ითამაშოს. სამწუხაროდ, მგონია, რომ ეს სიზუსტე დააკლდა MDF-ის (მედიის განვითარების ფონდი) კვლევას, როდესაც მან ანალიტიკური გადაცემა „42 პარალელი“ „დასავლეთის ქვეყნების და ინსტიტუტების გაშუქების მკვეთრად ნეგატიური ტონით“ გამოარჩია“, – წერს მენაbდე.
მისი თქმით, კვლევაში ციტირებულია რეზი ქოიავას, მათე გაბიცინაშვილისა და შოთა თხელიძის მედიაპროდუქტი. კონსტიტუციონალისტი აღნიშნავს, რომ ის გაეცნო ზოგიერთს და ეს დასავალეთის ის კრიტიკაა, რომელიც დასავლეთმა თავადვე შეიმუშავა.
„მე გავეცანი ზოგიერთ მათგანს და აღნიშნული მეთოდოლოგიური დაბრკოლება რომ არა, ძალიან ცხადია, რომ ეს დასავალეთის ზუსტად ის კრიტიკაა, რომელიც იმავე დასავლეთმა შეიმუშავა საკუთარი პრობლემების აღმოსაჩენად და გადასალახად (ცალკე საკითხია, რომ ამ პროდუქტებში ევროპის სასარგებლოც ბევრია ნათქვამი).
ქართული საზოგადოება ხომ საგარეო პოლიტიკის ამ მიმართულებაზე ღირებულებითი თანხვედრის გამო ორიენტირდა, და თვითკრიტიკულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია დემოკრატიების“, – აღნიშნავს სოციალურ ქსელში ვახუშტი მენაბდე.
მისი თქმით, ამგვარმა ტაბუებმა შესაძლოა, ანტიდასავლური განწყობების გავრცელებას მეტად შეუწყოს ხელი.
„მე ისიც მაფიქრებს, ამგვარმა ტაბუებმა უფრო მეტად არ შეუწყოს ხელი ანტიდასავლური განწყობების გავრცელებას“, – წერს ვახუშტი მენაბდე.
საუბარია კვლევაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“. კვლევის ავტორია „მედიის განვითარების ფონდი“, ხოლო დამფინანსებელი – „ღია საზოგადოების ფონდი“ (ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“). კვლევის შესახებ იხილეთ „მოამბის“ სიუჟეტი.
აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით დისკუსია საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ გაიმართა, რომლის სტუმარი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი იყო.