ვახუშტი მენაბდე - „იუესეიდის“ დაფინანსება მივიღეთ იმისთვის, რომ მონიტორინგი გავუწიოთ საარჩევნო პოლიტიკურ პროცესებს
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID) დაფინანსება მივიღეთ იმისთვის, რომ მონიტორინგი გავუწიოთ საარჩევნო პოლიტიკურ პროცესებს, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას ქვეყანაში, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, რომელიც „უიესეიდის“ (USAID) ახალი, ოთხწლიანი საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობს.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტი არჩევნების მონიტორინგს ემსახურება.
„ეს არის სამწლიანი პროექტი, რომელიც ემსახურება არჩევნების მონიტორინგს და ჩვენ ქართულ საზოგადოებას დავეხმარებით იმაში, რომ მათ ყველანაირი ინფორმაცია ჰქონდეთ უახლოესი სამი წლის განმავლობაში, რა შემხებლობაში იქნება საარჩევნო გარემოს ფორმირებასთან, მის გაუარესებასთან თუ გაუმჯობესებასთან“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
„იუესეიდი“ საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის ახალ ოთხწლიან პროგრამას იწყებს. პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 14 მილიონი დოლარია, საერთაშორისო და ადგილობრივ ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური პროცესების ჩამოყალიბებას.
პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიება სახელწოდებით „ერთი წელი 2020 წლის არჩევნებამდე: მოქალაქეებზე ორიენტირებული პოლიტიკა“ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ იმართება.