აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია საქართველოს მოქალაქეებს აფხაზური ენის დღეს ულოცავს.
მისი თქმით, ამ დღის აღსანიშნავად დიმიტრი გულიას ძეგლთან შეიკრიბებიან, სადაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ აფხაზური სახელმწიფო ენისა და მისი დაცვის მიმართ დამოკიდებულებას.
„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავთ აფხაზური ენის დღეს, განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც აფხაზური მშობლიური ენაა. ქართულთან ერთად აფხაზური სახელმწიფო ენაა, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია. ალბათ, ზედმეტია იმის აღნიშვნა, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის სახელწიფო ენის დაცვას, როგორც ქართულის, ისე აფხაზურის. ამას ადასტურებს აფხაზური ენისა და ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის გზაზე, ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები.
სწორედ საქართველოში გამოიცემოდა და გამოიცემა წიგნები აფხაზურ ენაზე. სოხუმის უნივერსიტეტსა და რამდენიმე სკოლაში ისწავლება აფხაზური ენა. აფხაზურ ფოლკლორულ მემკვიდრეობას ჩვენში უდიდესი პატივით ექცევიან. აქ აღზრდილ ბავშვებს არაერთხელ გამოუჩენიათ თავი აფხაზური ცეკვებისა დ სიმღერების შესრულებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ „ვეფხისტყაოსანი” ხშირად იკითხება აფხაზურ ენაზე, რასაც ჩვენი სამომავლო ერთიანობის სიმბოლოდ მივიჩნევთ. დღევანდელ დღეს კი ყველანი შევიკრიბებით დიმიტრი გულიას ძეგლთან, სადაც კიდევ ერთხელ წარმოვაჩენთ აფხაზური სახელმწიფო ენისა და მისი დაცვის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას.
დარწმუნებული ვარ, აფხაზები და ქართველები ერთად მოვიშუშებთ იარებს და ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, მშვიდობიან და ძლიერ ქვეყანაში“, – აცხადებს ვახტანგ ყოლბაია.