სალომე ზურაბიშვილი - აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნება-განვითარება ჩვენი ერთობლივი წარსულის, იდენტობის წინაშე მოვალეობაა, საქართველოს კულტურის უნიკალურობა ენობრივ მრავალფეროვნებაზე დგას
აფხაზური ენის დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთს იმ საკითხთა შორის, რომლებზეც შეგვიძლია, ერთობლივად ვიზრუნოთ ოკუპაციის ხაზის მიუხედავად, რადგან ეს არის ჩვენი ერთობლივი და სამომავლო ინტერესი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„როგორც საქართველოს პრეზიდენტს და მისი კონსტიტუციის გარანტს, აფხაზური ენის დაცვის პასუხისმგებლობა მაკისრია. ეს არის ჩემთვის უდიდესი და ამავდროულად უმძიმესი პასუხისმგებლობა. მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც აფხაზური ენა იუნესკო-ს მიერ გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ენების სიაშია შეტანილი. ჩემი პრეზიდენტად არჩევის დღიდან ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას და ყველა ჩემს გამოსვლაში, სადაც ეს შესაძლებელია ვცდილობ, ხაზი გავუსვა ამ საკითხს. არაერთხელ გავამახვილე ყურადღება აფხაზური ენისა და კულტურის გადარჩენის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზრუნვა გამოიხატება სხვადასხვა ფორმით, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ქართულ-აფხაზური ვერსიის გამოცემით, ორენოვანი ლიტერატურული ჟურნალის დაფინანსებით“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში.
მისივე თქმით, ორბელიანების სასახლის ერთ-ერთ დარბაზს, სადაც მისი ვიდეომიმართვა ჩაიწერა, ამრას სახელი დაერქვა.
„ჩემი და ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ აფხაზი ხალხის წინაშე კი არა, არამედ აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნება და განვითარება ჩვენი ერთობლივი წარსულის, კულტურის, იდენტობის წინაშე მოვალეობაა, რამეთუ საქართველოს კულტურის უნიკალურობა და სიმდიდრე დგას სწორედ ჩვენს ენობრივ მრავალფეროვნებაზე. ამის დავიწყება ჩვენთვის საკუთარი თავის დავიწყების ტოლფასია და ეს შეუძლებელია. ამავე დროს აფხაზური ენის დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთს იმ საკითხთა შორის, რომელზეც შეგვიძლია, ერთობლივად ვიზრუნოთ ოკუპაციის ხაზის მიუხედავად, რამეთუ ეს არის ჩვენი ერთობლივი და სამომავლო ინტერესი. თუ მომავალზე გვაქვს სწორება, ეს იმასაც ნიშნავს, რომ უნდა ვიზრუნოთ აფხაზურენოვანი ინტერნეტსივრცის გაფართოებასა და განვითარებაზე, რამეთუ თანამედროვე მეცნიერება და ენათმეცნიერება ამას სასიცოცხლოდ მოითხოვს. მე მჯერა, რომ გამოწვევის წინაშე ჩვენი საზოგადოება შეძლებს საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებას, ერთად დავძლევთ სიძნელეებს და ამით შევქმნით შერიგებისა და ერთობლივი მომავლის საწინდარს“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში.