ვახტანგ ყოლბაია - არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული შემთხვევა დაუსჯელობის სინდრომმა განაპირობა, რადგან ოთხოზორიას ფაქტს ჯეროვანი რეაგირება არ მოჰყვა
არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული შემთხვევა დაუსჯელობის სინდრომმა განაპირობა, რადგან ოთხოზორიას ფაქტს ჯეროვანი რეაგირება არ მოჰყვა, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა.
„ისევ ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. სამწუხაროდ, ოთხოზორიას ფაქტს ჯეროვანი რეაგირება არ მოჰყვა, არ მინდა, ეს პირდაპირ კავშირში იყოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ერთგვარად, დაუსჯელობის სინდრომმა განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენ მორიგი ასეთი უმსგავსო ტრაგიკული შემთხვევა სამაჩაბლოს ტერიტორიაზე გვაქვს“, – განაცხადა ყოლბაიამ.
არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 22 თებერვალს უკანონოდ დააკავეს.
ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი განაცხადეს. მათი თქმით, ცხედარი ტატუნაშვილის ოჯახს მას შემდეგ გადაეცემა, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტოერიაზე ექსპერტიზა ჩაუტარდება.
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენების მოთხოვნით გუშინ აქცია გამართეს და ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.
მოგვიანებით, გარდაცვლილის მამა შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა.
გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, ის შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, სადაც შეთანხმდნენ, რომ ოჯახის წევრები კიდევ ორი დღის განმავლობაში დაელოდებიან ცხედრის გადმოსვენებას და აქციებს შეწყვეტენ.