ვახტანგ წულაძე - „ნაციონალური მოძრაობის" წევრები რამდენიმე თვეა, ხეების გადატანის საკითხით მანიპულირებენ
აჭარის მთავრობის შენობის წინ ხეების დენდროლოგიურ პარკში გადატანის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციაში გამოეხმაურნენ.
როგორც უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ვახტანგ წულაძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის” წევრები რამდენიმე თვეა, ხეების გადატანის საკითხით მანიპულირებენ.
„ხეების გადატანის საკითხით ისეთი ადამიანები ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას, რომელთა მმართველობის პერიოდში ასეულობით ხე გაიჩეხა და ათეულობით სკვერი გასხვისდა. მათ ჩვენი სხვა ოპონენტები შეუერთდნენ, რომლებიც ამ თემიდან გამომდინარე ქულებს იწერენ. ხეების გადატანა ძირითადად კერძო მესაკუთრეებიდან კანონის სრული დაცვით ხორციელდება. საიდანაც ხეების გადატანა ხდება, იმ ტერიტორიების რეკულტივაცია მოხდება, სადაც ახალი ხეები დაირგვება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პროცესში დარგის სპეციალისტები არიან ჩართული.
“ნაციონალური მოძრაობა“ სრულიად აბსურდული საკითხით ცდილობს “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს ჩირქი მოსცხოს. ისინი ვერ პატიობენ, იმას რომ დღეს ხელისუფლებაში არ არიან. მოვუწოდებ, რომ აბსურდულ თემებზე საუბარს თავი დაანებონ და რეგიონის საკეთილდღეოდ დავსხდეთ და ვისაუბროთ” – განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ვახტანგ წულაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს ქობულეთის მოსახლეობის ნაწილთან ერთად ხეების გადატანა აჭარის მთავრობის სახლთან აქციით გააპროტესტა. აქციას მურმან დუმბაძე, მედეა ვასაძე და სხვა პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.