ვახტანგ შაქარიშვილი - მმართველი გუნდი თბილისის ავტოპარკის განახლებას გეგმავს
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვახტანგ შაქარიშვილი თბილისის მერის მიერ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაში დაგეგმილ რეფორმას გამოეხმაურა.
დეპუტატის განცხადებით, კახა კალაძის მიერ დღეს წარმოდგენილ ცვლილებების ერთობლიობაში მნიშვნელოვანი ადგილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და მის ხელმისაწვდომობის გაზრდას უჭირავს.
მისივე თქმით, სწორედ ამ გზით შეიძლება თბილისში კერძო ავტომანქანების გადაადგილების ინტენსივობის შემცირება.
ვახტანგ შაქარიშვილი აცხადებს, რომ განსახორციელებელი ღონისძიებების შედეგად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, თითოეული თბილისელისთვის და დედაქალაქის სტუმრისთვის ბევრად უფრო კომფორტული გახდება.
„ამას მოჰყვება სხვა ნაბიჯები, მაგალითად ტაქსების აღრიცხვა და მათზე სანებართვო პროცესების წარმოება, სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის რეგულირება, დასუფთავების მანქანებისთვის განსაზღვრული პერიოდის
დადგენა. ვაპირებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდას, მეტროს შემადგენლობების დამატებას, ასევე ავტობუსების ავტოპარკის განახლებას“, – აღნიშნა ვახტანგ შაქარიშვილმა.
მისივე თქმით, დღეს თბილისს დაახლოებით 450-მდე ავტობუსი ემსახურება, ხოლო იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს და უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა იქნეს შესაძლებელი, საჭიროა, 800-მდე ავტობუსი.
ვახტანგ შაქარიშვილის თქმით, მმართველი გუნდი არსებული ავტოპარკის განახლებასთან ერთად, ავტობუსების რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს.