ვახტანგ მეგრელიშვილი - ყველაფერზე თანახმა ვართ, რაზეც მხარეები შეთანხმდებიან
ვახტანგ მეგრელიშვილი - ყველაფერზე თანახმა ვართ, რაზეც მხარეები შეთანხმდებიან

ჩვენ ყველაფერზე თანახმა ვართ, რაზეც მხარეები შეთანხმდებიან და პარლამენტი გვექნება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„მინდა, რომ ზუსტად შევასრულო ის თხოვნა, რომლითაც მოგვმართეს ჩვენმა ფასილიტატორებმა – არაფერი კონკრეტული არ გითხრათ, მით უმეტეს, რომ არაფერი კონკრეტული არ ვიცი. ძალიან მაინტერესებს წინა შეხვედრები, რომლებიც ჩვენამდე გაიმართა. ჩვენ საქმის კურსში გვაყენებენ პროცესის პარალელურად. 12:00 საათიანმა შეხვედრამ 13:00 საათზე გადმოიწია, ასე გავიგე და ველოდები. მოვედით დიდი იმედით, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრას უკვე რაღაცა შედეგი ექნება და ამაზე გვექნება სამსჯელო.

ჩვენ ყველაფერზე თანახმა ვართ, რაზეც მხარეები შეთანხმდებიან და პარლამენტი გვექნება. თქვენ იცით, რომ პარლამენტი გვინდა და პარლამენტის შესაქმნელად საჭიროა უმრავლესობა და ოპოზიცია პარლამენტში. თუ ეს შეთანხმება შედგა, ბუნებრივია, რომ ჩვენ ნებისმიერი შეთანხმების პუნქტს დავუჭერთ მხარს“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.