ვახტანგ მეგრელიშვილი - „ქართული ოცნება“ ხან ვის უპირისპირდება, ხან ვის, ახლა პრეზიდენტზეა გადასული, ამ დაპირისპირების შედეგს ჰგავს ის, რომ კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატად არ არის წარდგენილი
ვახტანგ მეგრელიშვილი - „ქართული ოცნება“ ხან ვის უპირისპირდება, ხან ვის, ახლა პრეზიდენტზეა გადასული, ამ დაპირისპირების შედეგს ჰგავს ის, რომ კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატად არ არის წარდგენილი

„ქართული ოცნება“ ხან ვის უპირისპირდება, ხან ვის და ახლა პრეზიდენტზეა გადასული. ამ დაპირისპირების შედეგს უფრო ჰგავს ის, რომ კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატად არ არის წარდგენილი, ვიდრე იმას, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას რაიმე რაციონალური ახსნა ჰქონდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილმა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატთა შორის არ არის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.

„მართლა უცნაურია, რადგან არ მსმენია, რაიმე კონკრეტული პრეტენზია ყოფილიყოს გიორგი კალანდარიშვილის მიმართ, მით უმეტეს მან 2021 წლის არჩევნები ჩაატარა და მართლა უცნაურია, რატომ არ არის წარდგენილი, თუნდაც არჩევანი რომ ყოფილიყო. ვწუხვარ, რომ ეს ისევ ჩვენი ზოგადად პოლიტიკური დაპირისპირების გამო მოხდა და დღეს „ქართული ოცნება“ ხან ვის უპირისპირდება, ხან ვის და ახლა პრეზიდენტზეა გადასული. შესაბამისად, ამ დაპირისპირების შედეგს უფრო ჰგავს ის, რომ არ არის კალანდარიშვილი წარდგენილი, ვიდრე იმას, რომ რაიმე რაციონალური ახსნა ჰქონდეს.

ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ იმ კრიტერიუმით, რომ გვყავს ცესკო-ში წარმომადგენელი ლევან ჯგერენაია, იქ აკვირდება პროცესებს და არის ჩვენი თვალი და ყური ამ ორგანიზაციაში. შესაბამისად, ის არის ინფორმაციის და გადაწყვეტილების მიღების ძირითადი წყარო. ზოგადად, ამ პროცედურის უცნაური ფორმა გვაქვს. ეს იყო შარლ მიშელის დროს შეთანხმებული წესი ცესკო-ს თავმჯდომარის დანიშვნის, რითიც ბედნიერი არავინ ყოფილა თავიდანვე, რადგან ის გულისხმობდა, რომ უნდა დასრულებულიყო დეპოლარიზაცია და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი ამ მნიშვნელოვანი ფიგურების კონსენსუსის შემთხვევაში ხანგრძლივი ვადით დანიშვნა. ვინაიდან, ეს არ მოხდა და დაპირისპირება გაგრძელდა, უკვე აღარ ვაქცევ მნიშვნელობას, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, ასე ჩაიწერა შარლ მიშელის შეთანხმებაშიც, თუ არ იქნებოდა თანხმობა, მაშინ მუდმივად დასჭირდებოდა უმრავლესობის ნება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე გვყოლოდა. კარგი იქნება, თუ შეიცვლება. არასწორია, თითქოს, უნდა მოეგვარებინა ჩვენი ფუნდამენტური პრობლემა დაპირისპირების შესახებ, მაგრამ ამ პრობლემას ასეთი ტექნიკური საკითხი, როგორიც ცესკო-ს თავმჯდომარის დანიშვნაა, ვერ აგვარებს და ამიტომ ვიღებთ ასეთ კურიოზულ მდგომარეობას“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.