ვახტანგ მეგრელიშვილი - „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ვიღაც ომში ჩართვას გვაიძულებს, მაგრამ არ შეუძლია, დაადასტუროს, ვინ აყენებს მსგავს მოთხოვნას, ჩემი აზრით, ეს წინასაარჩევნო ამბავია
ვახტანგ მეგრელიშვილი - „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ვიღაც ომში ჩართვას გვაიძულებს, მაგრამ არ შეუძლია, დაადასტუროს, ვინ აყენებს მსგავს მოთხოვნას, ჩემი აზრით, ეს წინასაარჩევნო ამბავია

„ქართული ოცნება“ ჯიუტად ამბობს, რომ ვიღაც ომში ჩართვას გვაიძულებს და არჩევნებში თუ ვერ გაიმარჯვებს, შემდეგ დღეს იქნება ომი, ფეიერვერკის ნაცვლად, ბომბები. ამას აკეთებს ისე, რომ არ შეუძლია, დაადასტუროს, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც მსგავს მოთხოვნას უყენებენ ხელისუფლებას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს „წინასაარჩევნო ამბავია“.

„„ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ მშვიდობა ძალიან პოპულარულია ქართულ საზოგადოებაში, ომი არავის უნდა. ეს ყველას გვესმის, შესაბამისად, ამაზე კეთდება აქცენტი, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ვიღაც გვაიძულებს ომს და არც ვამბობთ, კონკრეტულად ვისზეა საუბარი? „ქართული ოცნება“ ჯიუტად ამბობს, რომ ვიღაც ომში ჩართვას გვაიძულებს და „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად თუ ვერ გაიმარჯვებს, შემდეგ დღეს იქნება ომი, ფეიერვერკის ნაცვლად, ბომბები ჩამოცვივდება. ჩემი აზრით, ეს სუფთად წინასაარჩევნო ამბავია „ქართული ოცნებისგან“, რათა უფრო მყარად დააჯეროს ამომრჩეველს, რომ „ქართული ოცნების“ გარეშე კატასტროფა გველოდება. ამას აკეთებს ისე, რომ არ შეუძლია, დაადასტუროს, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც მსგავს მოთხოვნას უყენებენ ჩვენს ხელისუფლებას მაშინ, როდესაც მსგავსი ტიპის ბრალდებას ყველა უარყოფს. ბოლოს ვნახეთ, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში ვერც კი წარმოიდგინა ადამიანმა, რას ეკითხებოდნენ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას გაკეთებულ განცხადებებს, ვახტანგ მეგრელიშვილმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა:

„12 წელი რა კამპანიაც არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი მტერია, უნდათ, ამ არჩევნებზეც შეინარჩუნონ და თქვან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ბუა. 12 წლის განმავლობაში ეს კონფიგურაცია ინარჩუნებს სტატუსკვოს და ის მაინც შევცვალოთ, რომ ამ ორი ძალიდან არცერთს ჰქონდეს უმრავლესობა“.