ვახტანგ მეგრელიშვილი - ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების, სინამდვილეში, ამათმა რომ მოიგონ, შეიძლება, გადაგვაგდონ, ან დაგვიჭირონ
ვახტანგ მეგრელიშვილი - ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების, სინამდვილეში, ამათმა რომ მოიგონ, შეიძლება, გადაგვაგდონ, ან დაგვიჭირონ

მე ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების, არ ვიცი, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მე უფრო უსაფრთხოდ ვიქნები ამ ქვეყანაში, თუ დღეს ვარ, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, „გირჩის“ მსგავს პარტიას „აქამდე ყველა დაიჭერდა“, რისთვისაც „ქართული ოცნების“ მადლიერია.

„ეს ხალხი თავისი მოქმედებით და სიტყვებით როგორც ამომრჩეველს ელაპარაკება, ისე მეც მელაპარაკება. გააჩნია როგორ მოიქცევიან, იმის მიხედვით ვიმოქმედებ. არავის არ აქვს ჩემზე გავლენის მოხდენის არანაირი შესაძლებლობა, ვაკვირდები მშვიდად და ვიმოქმედებ იმის მიხედვით, როგორც ესენი იმოქმედებენ. ჩვენნაირ პარტიას ყველა დაიჭერდა, აქედან გამომდინარე, რაღაც თვალსაზრისით მადლიერი ვარ „ქართული ოცნების“, რომ არ დაგვიჭირა.

ახლა მე იმდენ რამეზე ვარ დასაჭერი. ჩვენ რომ მართლა ასეთი მიდრეკილების ხელისუფლება გვყავდეს, დამიჭერდნენ. მელიამდე უნდა ვყოფილიყავი დაჭერილი. შესაბამისად, ამას ვაფასებ. არ მგონია, რომ ავტომატურად ბედნიერება მელოდება, თუ ეს ხელისუფლება წავა და სხვა მოვა, ამიტომ ვარ კრიტიკული. ოპოზიციის ქცევა, როგორი დამოკიდებულებაც ჩვენს მიმართ აქვთ, არის ძალიან საშიში. ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ და ასე რომ მოიქცნენ, ხომ საშინელება დამემართება?ამ წამს მაშინებს როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ რომ გაიმარჯვოს შესაძლოა, „გადააგდონ“.

„როდესაც ოპოზიციასთან ვმუშაობდით, ჩვენ გვეგონა, რომ ჩვენი პარტნიორები უარს ამბობდნენ იმ ცენტრალიზებულ სისტემაზე, რომელიც ახლა გვაქვს. ჩვენ მათ შევუთანხმდით სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებაზე. ოპოზიციამ გავაფორმეთ შეთანხმება, რომ თუ ჩვენ მოვიდოდით ხელისუფლებაში, რაც დღეს ხდება ნიკა მელიას თავს, ან გიორგი რურუას თავს, ეს აღარ მოხდებოდა და ერთმანეთს აღარ დავიჭერდით. მაშინ კი არ მიყვარდა „ნაციონალური მოძრაობა“? ვეკითხებოდით, რომ დაგეხმაროთ მთავრობის შექმნაში ხომ არ დაგვემუქრება საფრთხე, რომ შემდეგ დაგვიჭერთ? ამის დაზღვევა იყო სწორედ ის შეთანხმებები, რომლებსაც ვაფორმებდით ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ვერ მოვედით კოალიციურად, აღმოჩნდა, რომ ჩვენს პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებს ეს ნაწილი არ აინტერესებთ. ახლა, რომ სინამდვილეში ამათმა მოიგონ, შეიძლება გადაგვაგდონ, დაჭერამდე შეიძლება კონსოლიდირება დასჭირდეს ხელისუფლებას, მაგრამ ბოლო-ბოლო დაგვიჭერენ“, – აცხადებს მეგრელიშვილი.

მეგრელიშვილის თქმით, ახლა აღარავინ საუბრობს პროპორციულ არჩევნებზე.

„ჩვენ ხომ ამ სისტემის ხელში ჩასაგდებად ვიბრძვით. რატომ გვაქვს ყველასთან პრობლემა? დაავიწყდათ ყველა საკითხი და ახლა ითხოვენ რურუას, მელიას გამოშვებას და რიგგარეშე არჩევნებს. კითხვა მაქვს – იგივე წესრიგით ვაპირებთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას? არავინ აღარ საუბრობს იმაზე, რომ პროპორციული არჩევნები ისეთივე მნიშვნელოვანი თემაა მოლაპარაკებების მაგიდაზე, როგორც რურუას და მელიას გამოშვება, ან რიგგარეშე არჩევნები. მე რიგგარეშე არჩევნები მინდა, მაგრამ მინდა ახალი წესებით. ახალი წესების გარეშე ზუსტად იგივე პრობლემებამდე მივალთ, რომელშიც ახლა ვიმყოფებით“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.