ვახტანგ მეგრელიშვილი - დღეს ვადამდელი არჩევნები პრობლემურია თავად ოპოზიციისთვის, პრიორიტეტია მომზადება, პოლიტიკოსები არ ემზადებიან და ესაა მთავარი პრობლემა
ვადამდელი არჩევნები ნებისმიერი კრიზისის განმუხტვის ყველაზე ლეგიტიმური და საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციას ჯერ პროცესი აქვს გასავლელი, რათა რაიმე კონფიგურაციაზე დალაგდეს, თვითონ ოპოზიციისთვის არის პრობლემური დღეს ვადამდელი არჩევნები, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ოპოზიციას ვადამდელი არჩევნებისთვის ტექნიკური შესაძლებლობა არ აქვს.
„ეს პროცესი გავლილი რომ გვქონდეს, ვადამდელი არჩევნები პრაგმატულადაც იქნებოდა მომგებიანი. სამწუხაროდ, ოპოზიციას, საკუთარი მოქმედებებიდან თუ პრობლემებიდან გამომდინარე, დღეს ამისი ტექნიკური შესაძლებლობა არ აქვს. ჩვენ თუ გვესმის, რამხელა კრიზისშია ქვეყანა, მათ შორის, რამხელა ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს „ქართულ ოცნებას“, თვითონ ის უნდა ნიშნავდეს ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ ზუსტად იმის გამო, რომ ამდენად მოუმზადებელია პოლიტიკური სპექტრი, ჩემი აზრით, ჯერ მთავარი პრიორიტეტი არის მომზადება. პოლიტიკოსები უნდა მოემზადონ ამომრჩევლის წინაშე წარსადგომად, ისინი არ ემზადებიან და ესაა მთავარი პრობლემა“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.