ვახტანგ მეგრელიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარის ექვსი თვით არჩევა ნიშნავს, რომ ეს იქნება ერთჯერადი არჩევნების ჩამტარებელი ადამიანი, რომელზეც პასუხისმგებლობას იღებს „ქართული ოცნება“
„ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ის ნაწილი გამოიყენოს, რომელიც გულისხმობს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატის ექსკლუზიურად დანიშვნას ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, განხილვები მიმდინარეობდა და „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან კონსულტაციებიც არ უცდია.
„თამაშის რეალური შინაარსი გვესმის, „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ის ნაწილი გამოიყენოს, რომელიც გულისხმობს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატის ექსკლუზიურად დანიშვნას ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე. ამის შესაძლებლობა არსებობს იმ რაოდენობის ხმებით, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს და მას ამ პროცესში არ სჭირდება ოპოზიციის დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განხილვები მიმდინარეობდა და „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან კონსულტაციებიც არ უცდია. ექვსი თვით ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა ნიშნავს, რომ ეს იქნება ერთჯერადი არჩევნების ჩამტარებელი ადამიანი, რომელზეც პასუხისმგებლობას იღებს „ქართული ოცნება“, ეს არის ვერდიქტი ამ გადაწყვეტილების“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ისევ ვერ მიიღეს.
ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობის თანახმად, გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობა. თუ ცესკო-ს ვაკანტურ თანამდებობაზე პირთა არჩევა კვლავ ვერ მოხდა, გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.