ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ისევ ვერ მიიღეს
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ისევ ვერ მიიღეს

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა სია კენჭისყრაზე ხელახლა დღეს გავიდა, თუმცა კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ისევ ვერ მიიღეს.

კერძოდ, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 11-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატ გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა ოთხმა დეპუტატმა, 11 კი წინააღმდეგი იყო.

ასევე, კენჭისყრის შედეგად ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვეს ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილმა კანდიდატებმა.

კერძოდ, ცესკო-ს ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატ გია ცაცაშვილს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ათი წინააღმდეგ წავიდა. კიდევ ერთ კანდიდატს, ლელა ტალიურს კი მხარი დაუჭირა 18-მა დეპუტატმა, ორი წინააღმდეგი იყო.

თამარ სართანიას 18-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორმა კი წინააღმდეგ მისცა. მაია ზარაძეს მხარი დაუჭირა 77-მა დეპუტატმა, ათი წინააღმდეგი იყო.

ცესკო-ს თავმჯდომარის ან წევრის ხუთი წლით დამტკიცებას ხმების 2/3-ით, ანუ სულ მცირე 100 ხმით მხარდაჭერა სჭირდება. შესაბამისად, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატთა სია კენჭისყრაზე ხელახლა გავა. პარლამენტს უფლება აქვს, ოთხჯერ უყაროს კენჭი კანდიდატებს. იმისთვის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე 5 წლის ვადით იქნას არჩეული, პირველ ჯერზე საჭიროა 100 ხმა. არასაკმარისი ხმების შემთხვევაში, ხელახლა ინიშნება კენჭისყრა, სადაც ისევ 100 ხმის მობილიზებაა აუცილებელი. თუ ისევ არ მოგროვდება საჭირო ხმები, შემდეგ კენჭისყრაზე უკვე 90 ხმით იქნება შესაძლებელი კანდიდატის არჩევა. თუ სამივე შემთხვევაში ვერ მოხერხდა საჭირო ხმების მობილიზება, საბოლოოდ კანდიდატის დანიშვნა სიითი უმრავლესობით მოხდება, თუმცა არა 5 წლის, არამედ 6 თვის ვადით. შემდეგ კი კანდიდატების შერჩევის პროცესი ხელახლა გაიმართება.