ვახტანგ მახარობლიშვილი - შეხვედრები, რომლებსაც ილია დარჩიაშვილი გამართავს ევროპელ კოლეგებთან, მნიშვნელოვანია იმ მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რომელიც საჭირო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის შემდეგ კვირებში
ილია დარჩიაშვილის ბრიუსელში ვიზიტი დამატებით მნიშვნელობას იძენს, ის კომუნიკაცია, რა შეხვედრებსაც საგარეო საქმეთა მინისტრი გამართავს ევროპელ კოლეგებთან, დიდ მნიშვნელობას ატარებს, – ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.
„დრო და პერიოდი მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი დამატებით მნიშვნელობას იძენს, ამიტომ ის კომუნიკაცია, რა შეხვედრებსაც საგარეო საქმეთა მინისტრი გამართავს ევროპელ კოლეგებთან, მართლაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბრიუსელში მიმდინარე კვირაში იმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა. ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, საბჭოს სხდომის პარალელურად, შეხვედრები ექნება კოლეგებთან. მნიშვნელოვანია, რომ სხვა შეხვედრებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს ფრანგ კოლეგასთან. მოგეხსენება,თ საფრანგეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა და მასთან პოზიციების გაცვლა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი კვირებისა და თვეების განმავლობაში“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრების შინაარსი და მთავარი თემები იქნება საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობები, ისევე, როგორც რეგიონში არსებული რთული და მძიმე უსაფრთხოების გარემო.
„ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას კითხვართან დაკავშირებით, ვისაუბრებთ ჩვენს განაცხადსა და იმ პასუხებზე, რომლებიც ქართულმა მხარემ ძალიან ოპერატიულად, მოკლე დროში გასცა ევროკომისიას კითხვართან დაკავშირებით. ასევე, ვისაუბრებთ ჩვენს მოლოდინებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ეს შეხვედრები უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რომელიც საჭირო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის შემდეგი კვირების განმავლობაში“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით 16-18 მაისს ეწვევა.