ვახტანგ მახარობლიშვილი - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უმნიშვნელოვანესი დღეა, მჭიდროდ ვითანამშრომლებთ იმ ქვეყნებთან, რომლებმაც ბოლო პერიოდში შეავსეს ანალოგიური დოკუმენტი
ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩის, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელ ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უმნიშვნელოვანესი დღეა.
„ევროპულმა მხარემ დღეს საქართველოს გადმოგვცა კითხვარი. ეს ის დოკუმენტია, რომელიც ევროკომისიამ საკმარისად შემჭიდროვებულ ვადებში მოამზადა და ის დოკუმენტია, რომლის საფუძველზე და იმ პასუხების საფუძველზე, რასაც ქართული მხარე გასცემს, ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთნ დაკავშირებით“, – აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
მახარობლიშვილის თქმით, ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ექნებათ პირველ რიგში ევროკომისიასთან, რომელიც იმუშავებს საქართველოს პასუხებზე და მოამზადებს შესაბამის დოკუმენტს, აგრეთვე მჭიდროდ ითანამშრომლებენ იმ ქვეყნებთან, რომლებმაც ბოლო პერიოდში შეავსეს ანალოგიური დოკუმენტი.
„რაც შეეხება ჩვენს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, ბუნებრივია, ჩვენ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება პირველ რიგში ევროკომისიასთან, ეს არის ის ინსტიტუტი, რომელიც იმუშავებს ჩვენს პასუხებზე და მოამზადებს შესაბამის დოკუმენტს, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. ამ კონტექსტში გამოვყოფდი იმ ქვეყნებს, რომლებმაც ბოლო პერიოდში შეავსეს ანალოგიური დოკუმენტი. ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მიშვნელოვანი იქნება მათი გამოცდილება, რეკომენდაციები და რჩევები, თუ როგორ და რა ფორმით მოხდეს ჩვენ მიერ შესაბამისი დოკუმენტის შესრულება“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა. კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.