ვახტანგ მახარობლიშვილი - სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში შეხვედრებზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში გამართულ ყველა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს, ქართველი ხალხის საბოლოო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა განუცხადა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე შეხვედრებს დადებითად აფასებს.
მისი განმარტებით, მხარეებმა განიხილეს ყველა თემა, რომელიც ევროკავშირისა და საქართველოს დღის წესრიგში პრიორიტეტულია.
„შეხვედრებით ძალიან კმაყოფილი ვართ. მხარეებმა მიმოიხილეს ყველა აქტუალური თემა, რომელიც პრიორიტეტულია ევროკავშირისა და საქართველოს დღის წესრიგში. საუბარი მართლაც ძალიან შინაარსობრივი იყო. საქართველოს პრეზიდენტმა ყველა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს, ქართველი ხალხის საბოლოო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ამ გზაზე არაერთი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი და მთელი რიგი ღონისძიებებია განსახორციელებელი ევროპული მხარის მხრიდან“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
მისივე თქმით, ყველა შეხვედრაზე ხაზი გაესვა მიმდინარე წლის მნიშვნელობასაც, ვინაიდან ეს არის არაერთი გამოწვევისა და შესაძლებლობის წელი.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი დღეს ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, ასევე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინის და ევროპარლამენტის პრეზიდენტ ანტონიო ტაიანის შეხვდება.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს და მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა.