ვახტანგ მახარობლიშვილი - მოქალაქეთა ნაწილი, რომელიც თავშესაფარს ითხოვს, სამწუხაროდ, კრიმინალშია ჩართული
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პროცესში, პროცედურები გარკვეულწილად უნდა გამკაცრდეს, მაგრამ ამავდროულად, არ უნდა შეიზღუდოს მოქალაქეთა შესაძლებლობა, შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით ისარგებლოს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა, რომელიც ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაციაში მონაწილეობს.
მისი თქმით, საინფორმაციო კამპანიის პირველი ორი ეტაპი, რომელიც უკვე განხორციელდა, მოსახლეობის ცნობადობის ამაღლებაზე იყო მიმართული, თუ რა უფლებები და მოვალეობები ჰქონდა მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის კონტექსტში. მესამე ტალღა კი, იმ კონკრეტულ გამოწვევებზე იქნება მიმართული, რომელიც უვიზო რეჟიმის გამოყენების პროცესში გამოიკვეთა.
„მესამე ტალღა მიმართული იქნება უფრო თავშესაფრის სისტემის უსაფუძვლოდ გამოყენების კონტექსტზე, რა ზიანს მიაყენებს თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნა უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობას და ამავდროულად, სახელმწიფოს. ამასთან, კრიმინალი არის თემა, რომელიც შეიძლება ითქვას, გამოწვევად იქცა და რომელიც სამწუხაროდ, უსაფუძვლოდ თავშესაფრის მოთხოვნის თანმხლებია. მოსახლეობის ნაწილი, რომელიც თავშესაფარს ითხოვს, სამწუხაროდ, კრიმინალში ასევე ერთვება და ჩართულია“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავრობა რამდენიმე მიმართულებით მუშაობს – საინფორმაციო კამპანია და საკანონმდებლო ცვლილებები.
„როდესაც საკანონმდებლო ცვლილებებზე ვსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტორს, რომ ჩვენ ერთის მხრივ, გავამკაცროთ გარკვეულწილად პროცედურები, მაგრამ ამავდროულად, არ უნდა შევზღუდოთ მოსახლეობისთვის შესაძლებლობა, რომ შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით ისარგებლოს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საფრთხის წინაშე არ დადგეს.