ვახტანგ მახარობლიშვილი - გერმანიასთან გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში
ჩვენ გვაქვს გერმანიასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილმა გერმანული WDR-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე კომენტარისას განაცხადა.
როგორც მახარობლიშვილი აცხადებს, საქართველო თანამშრომლობს გერმანიის არამარტო ცენტრალურ ხელისუფლებასთან, არამედ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ცალკეულ მიწებთან
„ჩვენ გულისყურით ვეკიდებით ჩვენი პარტნიორების წუხილს. ჩვენ გვაქვს გერმანიასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში. გასულ წელს შესაბამისი შეთანხმებაც გაფორმდა. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ გერმანიის არამარტო ცენტრალურ ხელისუფლებასთან, არამედ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ცალკეულ მიწებთან. გასულ წელს რანდენიმე მხარეში გაიმართა საქართველოს შს მინისტრის ვიზიტი და მათ შორის ოთხ მიწასთან გაფორმდა თანამშრომლობის შეთანხმება.
ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით თანამშრომლობას და ასევე, აქტიურად ვიმუშავებთ რეინ-ვესტფალიის მთავრობასთან. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორებთან ერთად ყველა ნაბიჯი იდგმებოდეს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა მახარობლიშვბილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ გააცნობიეროს პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდნენ ამ მონაპოვარს, რომელიც საერთო ძალისხმევის შედეგია.
„ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და თავშესაფრის არალეგიტიმური მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. ხშირად, მოქალაქეები შეცდომაში არიან შეყვანილი, ცრუ დაპირებებით კერძო პირების მხრიდან, რის შედეგადაც ქვეყნისთვის ზიანის გარდა, პირად ფინანსური ზარალსაც იღებენ. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომ ვიზალიბერალიზაციის მხოლოდ დაშვებული პირობებით ისარგებლონ, რაც გულისხმობს მხოლოდ ტურისტული და მოკლე ვადიანი, 90 დღიანი ვიზიტით, შენგენის ქვეყნებში გამგზავრებას“,- განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
გერმანული WDR-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ლობირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.
გერმანული მედია წერს, რომ ფედერალური მიწის მთავრობის უკმაყოფილებას საქართველოდან ჩასული თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა იწვევს.