ვახტანგ მახარობლიშვილი - ამ ეტაპზე, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე არ არსებობს
იმ ანგარიშის მიხედვით, რომელიც ევროკომისიამ დეკემბერში წარმოადგინა, საქართველო უვიზო რეჟიმს წარმატებით იყენებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა პარტნიორმა სახელმწიფომ გარკვეული წუხილი გამოთქვა.
„შეჩერების მექანიზმის ამოქმედების კუთხით, არც ევროკომისიის შიგნით და არც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან რაიმე ოფიციალურ დისკუსიას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, ეს საფრთხე არ არსებობს. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა ერთად გავუფრთხილდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მონაპოვარს. მნიშვნელოვანია, ვუპასუხოთ იმ გამოწვევებსა და პრობლემატიკას, რომელმაც ბოლო პერიოდში იჩინა თავი.
ხელისუფლებამ ამ პრობლემატიკაზე რეაგირება მყისიერად მოახდინა. ძირითადი გამოწვევა თავშესაფართა მაძიებლობის პრინციპის არამართლზომიერად და ბოროტად გამოყენებაა, ისევე როგორც – გარკვეულწილად, კრიმინალის მატება.
ჩვენი მხრიდან დაიგეგმა და სხვადასხვა მიმართულებით ერთგვარი სამოქმედო გეგმა ხორციელდება. ამ სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულება საინფორმაციო კამპანიაა. უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი კამპანია იქნება წარმოებული.
ახლო მომავალში, აპრილის დასაწყისში ევროკავშირის შესაბამისი სააგენტოს ე.წ ფრონტექსის წარმომადგენლების ვიზიტი იგეგმება, რომლის ფარგლებშიც, იმ შესაძლებლობებსა და ზომებზე ვიმსჯელებთ, რომლებიც შეიძლება ერთობლივად გავატაროთ რათა, უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების შემთხვევები შემცირდეს“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გვარის შეცვლასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ვიზალიბერალიზაციის კუთხით არსებული სიტუაციის გამოსწორებას ხელს შეუწყობს.
„გვარის შეცვლასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს. ეს სიტუაციის გამოსწორებას ხელს აუცილებლად შეუწყობს. ჩვენ პირის იდენტიფიცირების რამდენიმე საშუალება გვაქვს. შეიძლება ადამიანმა გვარი გამოიცვალოს, მაგრამ მისი პირადი ნომერი უცვლელი რჩება.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის სისტემა ე.წ. პირადი ნომრის საფუძველზე პირის იდენტიფიცირებას ვერ ახდენს, ამიტომ გვარის შეცვლა აქტუალური პრობლემატიკა გახდა. ამიტომ ჩვენ მივიღეთ ზომები, რომ გვარის შეცვლასთან დაკავშირებით პროცედურები გავამკაცროთ“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.