ვახტანგ მახარობლიშვილი - ჩვენ სამეზობლო კალათიდან გადაგვიყვანეს გაფართოების კალათაში, ნებისმიერი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირთან, უკვე არის გაფართოების კონტექტსში
განწყობა ბრიუსელში არის პოზიტიური, ევროკავშირი დადებითად აფასებს პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის მიმართულებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა ელჩების კონფერენციაზე განუცხადა.
მისი თქმით, ელჩების ყოველწლიური კონფერენცია არის უნიკალური და ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ელჩებისა და, ზოგადად, საგარეო სისტემისთვის, რათა შეაფასონ გასული წელი, გააანალიზონ მიღწევები, გამოწვევები და დასახონ მომავალი წლის გეგმები.
„ამ კონტექსტში წლევანდელი წელიწადი არის განსაკუთრებულდ მნიშვნელოვანი, რადგან წელიწადი დაიწყო უამრავი სირთულითა და გამოწვევით, სახეზე გვაქვს რუსული აგრესია, გაუმართლებელი ოკუპაცია, აგრესია ჩვენი მეგობარი, პარტნიორი სახელმწიფოს მიმართ, ამან გეოპოლიტიკური ცვლილებები მოიტანა არა მარტო ჩვენს რეგიონში, ზოგადად ევროპასა და მთელ მსოფლიოში. ძალიან ბევრი ცვლილება შეიტანა ბრიუსელის ცხოვრების დღის წესრიგში და გამოწვევებით სავსე იყო ამ კუთხით გასული წელი. მინდა, ვისაუბრო იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა და მიეცა. ეს არის ისტორიული პერიოდი, როდესაც საქართველომ ოფიციალური განაცხადი შეიტანა ევროკავშირის წევრობაზე და დაიწყო შეუქცევადი პროცესი ამ მიმართულებით. ჩვენ, ფაქტობრივად, დღეს ვართ გაფართოების კალათაში, ჩვენ სამეზობლო კალათიდან გადაგვიყვანეს გაფართოების კალათაში და ნებისმიერი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირთან, უკვე არის გაფართოების კონტექტსში“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ელჩმა უპასუხა: „ახლა ვართ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში. ევროპულმა საბჭომ, ევროკავშირმა დაგვისახა ის პრიორიტეტები, რომლის შესრულების პირობებშიც საქართველო მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და დარწმუნებული ვარ, მაქვს მოკრძალებული მოლოდინი, რომ ახლო მოკავალში ეს აუცილებლად მოხდება. განწყობა ბრიუსელში არის პოზიტიური. ევროკავშირი დადებითად აფასებს იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის მიმართულებით. ჩვენ რეგულარულად, ხშირად და მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას ევროპულ მხარეს 12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ. რაც შეეხება ევროპარლამენტს, ზოგადად, ევროკავშირის ყველა ინსტიტუტი არის მნიშვნელოვანი. ევროპარლამენტი იმით არის განსხვავებული ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებისგან, რომ ეს არის პოლიტიკური პლატფორმა, ინსტიტუტი, სადაც პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ და, ბუნებრივია, პოლიტიკური დღის წესრიგით არის დატვირთული. ეს არის განსხვავება კომისიას, საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის“, – აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.