ვახტანგ ხუზმიაშვილი - “იბერიას“ ირგვლივ არსებულ პრობლემებში გარკვევა ხელისუფლების ინტერესებშია
ვახტანგ ხუზმიაშვილი - “იბერიას“ ირგვლივ არსებულ პრობლემებში გარკვევა ხელისუფლების ინტერესებშია

ტელეკომპანია “იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ვახო ხუზმიაშვილის განცხადებით, “იბერიას“ ირგვლივ არსებულ პრობლემებში გარკვევა ხელისუფლების ინტერესებში შედის. ამის შესახებ მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოების წარმომადგენლები ტელეკომპანიაში იმყოფებიან.

“ჩემთვის სულერთია, აქ ავტომატიანი შემომივარდება თუ ფინანსურად მოგუდავ ტელევიზიას“, – განაცხადა ხუზმიაშვილმა.

იბერიიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და მას არასერიოზული უწოდა.

“როდესაც 2004 წელს შემოვარდა სპეციალური დანიშნულების რაზმი, მაშინაც ამბობდა ხელისუფლება, რომ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს იყენებდნენ ბიზნესის დასაცავად. ესაა ძალიან ცუდი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყენებს წინა ხელისუფლების განცხადებებს, ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ღამით გავაკეთეთ განცხადება და გათენდა თუ არა, პრემიერ-მინისტრი გამოდის და დადასტურებით ამბობს, რომ ესაა შანტაჟი. ბატონო პრემიერო, თუ არ გაქვთ ინფორმაცია, სჯობს, გადაამოწმოთ რა ხდება ტელეკომპანია “იბერიაში“ და შემდეგ გააკეთოთ ასეთი განცხადებები“, – აცხადებს ხუზმიაშვილი.

მისი თქმით, “იბერიას” ირგვლივ არსებულ პრობლემებში გარკვევა და დემპინგის მსხვერპლი კომპანიის წინააღმდეგ მიმართული კრიმინალის აღკვეთა ხელისუფლების ინტერესებში შედის“.

ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტების სახელით სპეციალური განცხადება გუშინ გაავრცელა. „ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი არის „ომეგა“ ჯგუფი და მასში შემავალი კომპანიები, რომელიც აღმოჩნდა სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ. კომპანია „ომეგა“ დღესაც დემპინგის მსხვერპლია, რაც სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უჩენს ტელეკომპანია „იბერიას“ და არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვვარაუდობთ, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად, იმისთვის რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით. ტელეკომპანია „იბერია“ არის ტელევიზია, რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში ხდება მიუღებელი და დევნის ობიექტი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო. ჩვენ ჟურნალისტები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღკვეთოს „ომეგა“ ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები“, – აღნიშნულია ტელეკომპანიის ჟურნალისტების განცხადებაში.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში მსგავსი ტიპის ბრალდებები სრული აბსურდია და გამორიცხულია ასეთი რამ ხდებოდეს.