გიორგი კვირიკაშვილი - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი მედია ჰქვია, ჩვენს ხელისუფლებაში ვერავინ შეეხება
გიორგი კვირიკაშვილი - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი მედია ჰქვია, ჩვენს ხელისუფლებაში ვერავინ შეეხება

ჩვენი ხელისუფლების პირობებში მედიაზე ზეწოლის შესახებ ბრალდებები სრული აბსურდია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ახალი ტელევიზიის დარეგისტრირებას და ამუშავებას პრაქტიკულად რამდენიმე დღეს სჭირდება, ასეთ ბრალდებას ვერ მიიღებს.

“მინდა, აუცილებლად გამოვეხმაურო ძალიან არაჯანსაღ აჟიოტაჟს, რომელიც მედიასაშუალებებზე ე.წ ზეწოლას ეხება. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი ტიპის ბრალდებები სრული აბსურდია. გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი რამ ხდებოდეს. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ასევე გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკუთარი ბიზნესი ვინმემ გამოიყენოს ხელისუფლების შანტაჟის იარაღად და ჩვენ დავრწმუნდით, რომ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მთელი გუშინდელი საღამო მიეძღვნა ამ თემატიკას. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის გამორიცხული. ხელისუფლება, რომელმაც მოიტანა ის, რომ პრაქტიკულად დღეები სჭირდება ახალი ტელევიზიის დარეგისტრირებას და ფუნქციონირების დაწყებას, ნამდვილად ვერ მივიღებთ ბრალდებებს. იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი მედია ჰქვია, ჩვენს ხელისუფლებაში ვერავინ შეეხება. გამორიცხულია, ასეთი რამ ხდებოდეს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დატოვე კომენტარი