ვახტანგ გომელაურმა სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელის, ვანო გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
ვახტანგ გომელაურმა სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელის, ვანო გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ვანო გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო.

ვახტანგ გომელაურმა ასევე მადლობა გადაუხადა სხვადასხვა უწყების თანამშრომლებს, რომლებიც ერთი წლის წინ სპეცოპერაციისას შესაბამის ღონისძიებებში იყვნენ ჩართული.

„ერთი წელი გავიდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შემდეგ. ძალიან მძიმეა ჩემთვის, ყველასთვის. ვანო გოლაშვილი დაიღუპა და დაიჭრა რამდენიმე ადამიანი. ეს კაცი ნამდვილად გმირია. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ მის ოჯახს რამეთი მაინც შევუმსუბუქოთ ის ტკივილი, რაც გმირის დაღუპვამ მიაყენა მის ოჯახს. არამარტო მის ოჯახს, მთლიანად საქართველოს. ყველა ვალდებული ვართ, პატივი ვცეთ ამ ადამიანებს. მინდა, ვთქვა იმ ადამიანებზე, რომლებიც სპეცოპერაციისას დაიჭრნენ და მონაწილეობდნენ ღონისძიებაში – ყველანი გმირები არიან, ყველა. მათ შორის, მაშინ შსს, რომელიც ჩვენთან ერთად იყო. არ შემიძლია არ აღვნიშნო, სამაშველო-სახანძრო სამსახური, რომლებიც გმირულად შევიდნენ ორმხრივ ცეცხლში, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, რომლებიც დაჭრილებს ადგილზე უტარებდნენ პირველად სამედიცინო დახმარებებს. სამწუხაროდ, ვანო გოლაშვილს ვერ ვუშველეთ. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გადაგვერჩინა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა. ოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. დაიჭრა სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი.