ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს მიმართა - არავის მივცემ უფლებას, შელახოს თქვენი ღირსება და პატივი, გწამდეთ, რომ ყველგან და ყოველთვის ვიქნები თქვენი ღირსების დამცველი
ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს მიმართა - არავის მივცემ უფლებას, შელახოს თქვენი ღირსება და პატივი, გწამდეთ, რომ ყველგან და ყოველთვის ვიქნები თქვენი ღირსების დამცველი

მინდა, მოგმართოთ, თითოეულმა თქვენგანმა იცოდეთ, რომ არავის მივცემ უფლებას, შელახოს თქვენი ღირსება და პატივი. გწამდეთ, რომ ყველგან და ყოველთვის ვიქნები თქვენი ღირსების დამცველი, – ასე მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

გომელაურის თქმით, პოლიციელობა ქვეყნისა და მოქალაქეების განსაკუთრებულ სიყვარულს მოითხოვს.

„დღეს პოლიციელის დღეა. ჩვენთვის, პოლიციელებისთვის, ეს ერთგვარი სიამაყისა და მადლიერების დღეა. დღეს, როდესაც კიდევ ერთხელ მაქვს პატივი, თქვენთან ერთად ვიზეიმო პოლიციელის დღე, მინდა, მოგმართოთ, თითოეულმა თქვენგანმა იცოდეთ, რომ არავის მივცემ უფლებას, შელახოს თქვენი ღირსება და პატივი. გწამდეთ, რომ ყველგან და ყოველთვის ვიქნები თქვენი ღირსების დამცველი. ყველას არ შეუძლია, იყოს პოლიციელი, ეს პროფესია ქვეყნისა და მოქალაქეების განსაკუთრებულ სიყვარულს, საჭიროების შემთხვევაში, სამშობლოსთვის თავგანწირვას, სიმამაცეს და სიმტკიცეს მოითხოვს. გახსოვდეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, რომ ქვეყანა იყოს ძლიერი, თავისუფალი. ჩვენი ვალია სახელმწიფოს ინტერესების ღირსეულად დაცვა. ამიტომ, ყოველთვის მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე. მინდა, გჯეროდეთ, რომ მე, როგორც მინისტრი, როგორც პოლიციელი და მოქალაქე, თქვენ გვერდით ვარ. მინდა, ღირსეულად ატარებდეთ პოლიციელის მუნდირს და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ემსახურებით საქართველოს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.