ვახტანგ გომელაური - ვიმედოვნებთ, გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ზაზა გახელაძე მალე დაუბრუნდება ოჯახს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდეს.
მინისტრი ამ ეტაპზე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
„გამიჭირდება დეტალებზე საუბარი. მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციები, პარტნიორები ჩართულნი არიან ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში. ვიმედოვნებთ, მალე გათავისუფლდება და დაუბრუნდება თავის ოჯახს. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ღიად საუბარმა შეიძლება, მოლაპარაკებები დააზიანოს და ჩაშალოს. პროცესში ჩაერთო საპატრიარქოც. იმედი მაქვს, მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და გამოუშვებენ. ჩვენ ოჯახთან გვაქვს კონტაქტი და მათთან ვსაუბრობთ“, – განაცხადა გომელაურმა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.