ვახტანგ გომელაური - ამაყი ვარ, როდესაც თურქეთში გვეუბნებიან, რომ ქართველმა მაშველებმა მაგრად იმუშავეს
ერთია, რასაც ეკრანიდან უყურებ, მაგრამ ადგილზე რასაც უყურებ, ბევრად მძიმე სანახავია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში განაცხადა.
გომელაურის თქმით, ამაყია, როდესაც ქართველი მაშველების მუშაობისთვის მადლობას უხდიან.
„მინდა, პირველ რიგში, ღრმა მწუხარება გამოვხატო და სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, თურქეთის მთავრობას. ერთია, რასაც ეკრანიდან უყურებ, მაგრამ ადგილზე რასაც უყურებ, ბევრად მძიმე სანახავია. იცით, რომ იმ დილითვე, ბატონი პრემიერის დავალებით, მოხდა ჩვენი მაშველების, აღჭურვილობის მობილიზება, დილიდანვე დაიძრნენ ეპიცენტრის მიმართულებით და მეთვრამეტე დღეა, აქ არიან. ერთი ჩანაცვლება გავაკეთეთ. სამი ადამიანი გადაარჩინეს, ცოცხლები ამოიყვანეს. სამწუხაროდ, თუ არ ვცდები, 85 დაღუპული ამოასვენეს ნანგრევებიდან. ჩვენი მაშველები გამოცდილები და მაღალ დონეზე მომზადებულები არიან. მე ამაყი ვარ, მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, თითოეულ მათგანს. ამაყი ვარ, როდესაც გვეუბნებიან, მადლობა, თქვენმა ბიჭებმა ძალიან მაგრად იმუშავეს. ყველა კითხულობდა, ქართველები სად არიან, გვიშველეთ, და ეს ჩემთვის ნამდვილად საამაყოა“, – განაცხადა გომელაურმა.
ამასთან, გომელაურმა თურქეთის მხრიდან გაწეული დახმარების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთი ყოველთვის საკუთარი სურვილით ეხმარება საქართველოს.
„მერწმუნეთ, როდესაც გვიჭირს და ხშირი შემთხვევებია ხანძრების, იცით, რომ ყოველ ზაფხულს გვაქვს ხოლმე, ჩვენი დარეკვაც კი არ სჭირდებათ, ყოველთვის თვითონვე გამოხატავენ დახმარების სურვილს. იცით, რომ ავიაცია, თვითმფრინავი, სახანძრო თვითმფრინავი არ ჰყავს ბევრ ქვეყანას, ეს მართლაც შვებაა მაგ დროს. გახსოვთ, ბათუმშიც, დიდი ტრაგედია რომ მოხდა, მყისიერად შეგვეხმიანენ, თუმცა არ გვჭირდებოდა დახმარება, ჩვენ საკმარისი ვიყავით. ურთიერთობის, პატივისცემის თემაა, ისინი ჩვენი მეგობრები, მეზობლები, ჩვენი ძმები და დები არიან, ყოველთვის გვეხმარებიან, როცა გვიჭირს. ჩვენც ყოველთვის მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ, რაც არ უნდა მოხდეს. შეიძლება პატარა ქვეყანა ვართ, თუმცა გულით ვაკეთებთ და ბევრი შეგვიძლია ნამდვილად“, – აღნიშნა გომელაურმა.