ვახტანგ ჭარაია - საქართველოს აქვს პერსპექტივა, სწრაფ რეჟიმში დაიმკვიდროს ადგილი წარმატებული ქვეყნების გვერდით, მსოფლიოში საკმაოდ მყარად უჭირავს თავი, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი
ვახტანგ ჭარაია - საქართველოს აქვს პერსპექტივა, სწრაფ რეჟიმში დაიმკვიდროს ადგილი წარმატებული ქვეყნების გვერდით, მსოფლიოში საკმაოდ მყარად უჭირავს თავი, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი

საქართველოს ნამდვილად აქვს პერსპექტივა, თავისი ცხოვრების დონის მაჩვენებლით, სწრაფ რეჟიმში დაიმკვიდროს ადგილი წარმატებული ქვეყნების გვერდით, –  ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.

ვახტანგ ჭარაია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებს გამოეხმაურა.

ჭარაიას თქმით, მსოფლიოში საქართველოს საკმაოდ მყარად და თამამად უჭირავს თავი, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

„საქართველოში ცხოვრების დონე იზრდება, 90-იან წლებსა და დღევანდელ დღეს არსებული ცხოვრების დონე შეუდარებელია, თუმცა ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპას, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს და ეს არ არის გასაკვირი. იმდენი სირთულე ჰქონდა საქართველოს გადასალახი, რომ რთულიც იქნებოდა და შეუძლებელიც, მოწინავე ვყოფილიყავით. საქართველოს სწრაფი და დინამიკური ეკონომიკური ზრდა იძლევა შესაძლებლობას, სწრაფად დავეწიოთ წარმატებულ ქვეყნებს. ეს დიდ დროს წაიღებს, საკმაო წლებს, თუმცა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, სწორი მიზნები თუ გვექნება, ევროკავშირთან წარმატებებს ოპერატიულად მივაღწევთ. საქართველოს ნამდვილად აქვს პერსპექტივა, სწრაფ რეჟიმში დაიმკვიდროს ადგილი წარმატებული ქვეყნების გვერდით თავისი ცხოვრების დონის მაჩვენებლით.

ვერ ვიტყოდი, რომ განსაკუთრებული სხვაობაა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. რა თქმა უნდა, არის სხვაობა, საგრძნობია, მაგრამ არც იმდენად დიდი უფსკრულია საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, რომ აღმოფხვრა შეუძლებელი იყოს. მაინც ვფიქრობ, რომ სწორი პოლიტიკით, მათ შორის მტკივნეული რეფორმებია საჭირო, შეგვიძლია, დავეწიოთ ევროკავშირის ქვეყნებს. მთლიანობაში, მშვიდობის შექმნის, შენარჩუნების კონტექსტში და მწირი თავისუფალი ბაზრის ჭრილში საკმაოდ სწორი პოლიტიკაა, თუმცა კიდევ სხვა რაღაცების გაკეთებაც არის მნიშვნელოვანი, რათა უფრო სწრაფად განვავითაროთ საქართველოს ეკონომიკა. არსებული რეალობის ფონზე, რეგიონსა და, ზოგადად, მსოფლიოში საქართველოს საკმაოდ მყარად და თამამად უჭირავს თავი, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, გერმანიასა და შვედეთში ხალხი დღეს საქართველოზე – 3-ჯერ უკეთესად, ხოლო საფრანგეთში, დაახლოებით, 2,5-ჯერ უკეთესად ცხოვრობს. საქართველოზე 60 პროცენტით უკეთესად ცხოვრობენ რუსეთში, ხოლო 50 პროცენტით უკეთესად – ბულგარეთში. საქართველოს ჩამორჩებიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები – ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა, აგრეთვე აზერბაიჯანი და სომხეთი.