ვახტანგ ჭარაია - სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პროაქტიური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი, შედეგზე ორიენტირებული სააგენტოა
„აწარმოე საქართველოში“ მნიშვნელოვნად არის გაძლიერებული და ეს მათ პრეზენტაციასაც ეტყობა. ისინი, მოლოდინის რეჟიმიდან პროაქტიური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ექსპერტებთან ერთად, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხზე იმსჯელეს.
მან ხაზი გაუსვა, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ძალიან ბევრი სიახლე აქვს და ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი, შედეგზე ორიენტირებული ორგანიზაციაა საქართველოში.
„ამ სააგენტოს და მის ხელმძღვანელობას, დღეს ძალიან დიდი მოწონება დავუფიქსირეთ, რადგან რეალურად, ისეთი ინიციატივები აქვთ, რომელიც საქართველოსთვის სიახლეა და რომელიც შეიძლება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ზოგადადაც სიახლე იყოს. დღევანდელ შეხვედრაზე დამატებით რეკომენდაციებზე იყო საუბარი, რადგან სააგენტოს მუშაობამ და მათმა ინიციატივებმა კიდევ ახალი იდეები დაგვიბადა, რომელიც მათ შევთავაზეთ. დარწმუნებული ვარ, რომ სააგენტო ამ მიმართულებითაც იმუშავებს, რათა მათი შედეგები უფრო მასშტაბური გახდეს“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.