პრობლემა ისაა, რომ საბანკო სექტორს დღეს კონკურენტი არ ჰყავს ბაზარზე და, ფაქტობრივად, არ არის კონკურენტი, ვინც ამ საპროცენტო განაკვეთს დაბლა დასწევდა, – ასე უპასუხა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ვახტანგ ჭარაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში არსებული შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს და ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებები მოხდეს.
„შეიძლება, საბანკო სექტორის წარმომადგენლები კატეგორიულად არ დამეთანხმონ, რომ საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთები აქვთ. ისინი ამას ხსნიან იმით, რომ რისკიანი ბაზარია და, შესაბამისად, სადაც მაღალი რისკია, პროცენტიც მაღალი უნდა იყოსო, მაგრამ რომ გადავხედოთ საბანკო სექტორში ვადაგადაცილებულ ან გაფუჭებულ სესხებს, ეს პროცენტი იმდენად დაბალია, რომ, ფაქტობრივად, ყველა აბრუნებს და თუ, ფაქტობრივად, ყველა აბრუნებს და ისეთ ადამიანს არც აძლევ სესხს, რომელიც, მაღალი ალბათობით, არ დაგიბრუნებს, მაშინ პროცენტი რატომ უნდა იყოს მაღალი? პროცენტი უნდა იყოს შედარებით დაბალი. პრობლემა ის კი არ არის, რომ ამას არგუმენტების დონეზე ვერ უმტკიცებ ვინმეს ან უმტკიცებ, პრობლემა ისაა, რომ საბანკო სექტორს დღეს კონკურენტი არ ჰყავს ბაზარზე. საბანკო სექტორის თითქმის ასივე პროცენტი, 95%-ზე მეტი, არის ფინანსური სექტორის. იქ რამდენიმე პროცენტი მიკროსაფინანსოებს უკავია, მაგრამ მიკროსაფინანსოების უმრავლესობა და წამყვანი მიკროსაფინანსოები ისევ ბანკებისგან იკვებებიან, ასე ვთქვათ, და ბანკებთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული კომპანიები არიან და, ფაქტობრივად, არ არის კონკურენტი, ვინც ამ პროცენტს დაბლა დასწევდა. მაგალითად, განვითარებული არ არის კაპიტალის ბაზარი, არ არის ფასიანი ქაღალდების ბირჟა და ა.შ. რაც არის ამერიკაში, გერმანიაში თუ სხვაგან“, – განაცხადა ჭარაიამ.
მისი თქმით, ფასიანი ქაღალდების ბირჟის არსებობის შემთხვევაში, თუ, მაგალითად, კომპანიას სესხის აღება უნდა, ურჩევნია, ფასიანი ქაღალდი გამოუშვას და მომხმარებელს, ვინც ამ ფასიან ქაღალდს იყიდის, გაუსტუმროს, პირობითად, 5%, ვიდრე ბანკში წავიდეს და 10-15% გადაიხადოს, თუმცა ეს სისტემა საქართველოში ვერა და ვერ ჩამოყალიბდა.
„ამას ბევრი პირდაპირ ხელშემშლელი ნიუანსი უკავშირდება, არა მხოლოდ კანონმდებლობის დონეზე, არამედ ვგულისხმობ საზოგადოების ცნობიერებას, ფინანსურს დონეს, კომპანიების გამჭვირვალობას და ა.შ. ბევრი რაღაც სჭირდება, რომ ამ დონემდე ავიდეთ, მაგრამ თუ აქამდე არ ავალთ, სულ დავრჩებით ამ დონეზე, სადაც ვართ“, – განაცხადა ჭარაიამ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა შეიძლება, გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან იმისთვის, რომ მევახშეებისგან არ დაზარალდნენ და ქონება არ დაკარგონ ადამიანებმა, რომლებსაც თანხა სასწრაფოდ სჭირდებათ, რომლებიც სესხს ბანკისგან გარკვეული მიზეზების გამო ვერ იღებენ და იქნება თუ არა გამოსავალი გარკვეული სანქციების დაწესება კონკრეტული სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, ეს მინიმუმამდე დაიყვანს შესაძლებლობას, ფულის მსესხებელთან შედგეს თაღლითური გარიგება, ცალმხრივი შეთანხმება, რომელიც მხოლოდ ერთ მხარეს ასარგებლებს, თუმცა ფაქტების ნულამდე დაყვანა ალბათ მაინც ვერ გამოვა.
„თუ ჩვენ შევეცდებით, რომ, ასის მაგივრად, ეს, თეორიულად, ხუთი იყოს, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, მაგრამ მარტო კანონით ამის აკრძალვა, საბოლოო ჯამში, მაინც არ გამოვა. ადამიანი სწრაფ სესხს რატომ იღებს? სესხი ბრჭყალებში, თორემ, სინამდვილეში, სესხი არ არის, როცა ადამიანი მეორე ადამიანს ქონებას უფორმებს იმის სანაცვლოდ, რომ თავისი ქონების მეათედი თანხა მიიღოს. ამას იმიტომ აკეთებს, რომ იმ მომენტში განსაკუთრებულად უჭირს. შეიძლება, ის არ იყოს მაინცდამაინც ღარიბი ადამიანი. შესაძლოა, საკმაოდ შეძლებულიც იყოს, მაგრამ უცებ დასჭირდა რაღაც ძალიან დიდი თანხა, ბიზნესში, პირად ცხოვრებაში, ოპერაციისთვის თუ სხვა. ასეთ მომენტებში ადამიანების ცნობიერება უნდა იყოს სწორად მიმართული ამ გარიგებისადმი. თუ საზოგადოებაში ცნობიერება მაქსიმალურად იქნება ამაღლებული, რომ ასეთი ტიპის გარიგება ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, ცუდი შედეგით დამთავრდეს, შეიძლება, ადამიანმა არ გარისკოს, ბოლოს და ბოლოს, ეს ქონება გაყიდოს და თავისი თანხა სრულად მიიღოს“, – განაცხადა ჭარაიამ.
მისი თქმით, უამრავი მაგალითია, როდესაც ადამიანები ბიზნესსესხს იღებენ და ამ თანხით დასასვენებლად მიდიან ან ბინის რემონტს აკეთებენ, არამიზნობრივი სესხის აღება კი უკვე რისკია, რომ შეიძლება, რაღაც პრობლემა შეგექმნას და გასაჭირში ჩავარდე.
„ამიტომ ფინანსური განათლება აუცილებლად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, რეგულაციები მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს, ოღონდ აღსრულების კონტექსტში, თორემ, პრინციპში, მეტი რაღა უნდა მიიღონ კანონმდებლობის თვალსაზრისით?! გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი სიტუაციების გაქრობის ერთ-ერთი გზა არის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და მაღალი შემოსავლების ქონა საზოგადოებაში, სადაც ადამიანს უკვე არ ექნება ხიბლი, რომ აქეთკენ გაიხედოს და, ასე ვთქვათ, იოლი ფული აიღოს. ის თვითონ იქნება უზრუნველყოფილი ისეთი რეალობით და ცხოვრებით, სადაც ბანკშიც შეეძლება, თამამად მივიდეს, თუ სწრაფი სესხი დასჭირდა ან, ბოლოს და ბოლოს, დანაზოგი ჰქონდეს“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.