ვახტანგ ჭარაია - პოსტკრიზისულ ეტაპზე მიზანშეწონილი იქნება მეტი ინდუსტრიალიზაციის მიმართულებით მოძრაობა, რა კუთხითაც სახელმწიფოს გაცხადებული აქვს, რომ უფრო აქტიური იქნება
დღევანდელი გადმოსახედიდან პოსტკრიზისული პერიოდის შეფასება ძალიან რთულია, თუმცა მიზანშეწონილი იქნება, მინიმუმ იმ დარგების მხარდაჭერა, რომელიც აქამდეც გვქონდა და უფრო მეტი ინდუსტრიალიზაციის მიმართულებით მოძრაობა, რა კუთხითაც სახელმწიფოსაც აქვს უკვე გაცხადებული, რომ აპირებს კიდევ უფრო აქტიური იყოს, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც საერთაშორისო ექსპერტებმა, რომლებიც USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობენ, პრეზენტაცია წარადგინეს.
შეხვედრაში, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი უძღვებოდნენ, ადგილობრივი ექსპერტები და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
როგორც ვახტანგ ჭარაიამ აღნიშნა, დღევანდელი რეალობითაც ჩანს, რომ სახელმწიფო ცდილობს, დააკომპენსიროს და დააბალანსოს მომსახურების სექტორში არსებული ჩავარდნა წარმოების მხარდაჭერით.
„ამას ცხადყოფს თუნდაც იგივე ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ არსებული პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსების რამდენიმეჯერ მნიშვნელოვნად გაზრდა, საგარანტიო მექანიზმის შემუშავება, საგრანტო კომპონენტის გაძლიერება, მასშტაბის გაზრდა და ბევრი სხვა პროექტი, რომელიც სწორედ წარმოების გაძლიერებისკენაა მიმართული. შესაბამისად, ეს მიმართულება პოსტკრიზისულ პერიოდში კიდევ უფრო აქტუალური, საჭირო და სასურველი იქნება, რათა როგორც საზოგადოება უზრუნველვყოთ როგორც სამუშაო ადგილებით, ასევე შემოსავლით და ბიუჯეტსაც თავის მხრივ ჰქონდეს შემოსავლები ამ ყველაფრიდან“, – აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.